გენდერული თანასწორობის მუდმივმოქმედი საპარლამენტო საბჭოს წევრები, მარიამ ლაშხი და ბაია კვიციანი ევროსაბჭოს ექსპერტებს შეხვდნენ. ამის შესახებ ინფორმაციას პარლამენტის პრესსამსახური ავრცელებს.
პარლამენტის ინფორამციით, სტუმრებმა საქართველოსთვის ევროპის საბჭოს 2020-2023 წლების სამოქმედო გეგმის შესრულების მიმდინარეობა შეაფასეს.
პარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ, მარიამ ლაშხმა დელეგაციის წარმომადგენლებს საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის საქმიანობის ძირითადი მიმართულებები და ევროკომისიის რეკომენდაციების შესრულების მიმდინარეობა გააცნო.
შეხვედრისას მთავარი აქცენტი გენდერული თანასწორობის მუდმივმოქმედი საპარლამენტო საბჭოს სამოქმედო გეგმაზე და იმ აქტივობებზე გაკეთდა, რომლითაც ევროსაბჭო როგორც საბიუჯეტო ასევე, ტექნიკური დახმარებით აქტიურად გამოირჩევა.
„შეხვედრისას, ყურადღება გავამახვილეთ როგორც მსხვერპლის სტატუსის მიმართულებით მხარდაჭერაზე, ასევე, ქალთა მიმართ ძალადობის საკითხებზე და გაუპატიურების დეფინიციაზე. სტუმრებს გავაცანით ჩვენი აქტივობები ქალთა ეკონომიკური გაძლიერების მიმართულებით. ვისაუბრეთ ფემიციდის პრევენციის საკითხებზე და ამ მიმართულებით პარლამენტში შექმნილ სამუშაო ჯგუფზე", - განაცხადა შეხვედრის დასრულების შემდეგ მარიამ ლაშხმა.
ევროსაბჭოს ექსპერტებთან გამართულ შეხვედრაში ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის და იურიდიულ საკითხთა კომიტეტების აპარატების, ასევე, გენდერული საბჭოს თანამშრომლები მონაწილეობდნენ.