შეერთებულმა შტატებმა და სამხრეთ კორეამ ჩრდილოეთ კორეიდან მომდინარე ბირთვული საფრთხის დასაძლევად მნიშვნელოვან შეთანხმებას მიაღწიეს, - ინფორმაციას BBC-ი ავრცელებს.
გამოცემის ცნობით, ვაშინგტონი დათანხმდა პერიოდულად განათავსოს ამერიკული ატომური წყალქვეშა ნავები სამხრეთ კორეაში და ჩართოს სეული ბირთვული დაგეგმარების ოპერაციებში.
სანაცვლოდ, სამხრეთ კორეა დათანხმდა, რომ საკუთარ ბირთვულ იარაღს არ განავითარებს.
„“ვაშინგტონის დეკლარაცია“ გააძლიერებს მოკავშირეების თანამშრომლობას ჩრდილოეთ კორეის თავდასხმის შესაჩერებლად“, - განაცხადა აშშ-ის პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა.
სამხრეთ კორეის პრეზიდენტის, იუნ სუკ-იოლის თქმით, „ვაშინგტონის დეკლარაცია“ აღნიშნავს აშშ-ის მხრიდან "უპრეცედენტო" ვალდებულების აღება გააძლიეროს თავდაცვა, შეაკავოს თავდასხმები და დაიცვას მოკავშირეები ბირთვული იარაღის გამოყენებით.
აშშ-ის ადმინისტრაციის მაღალჩინოსნის თქმით, ახალი შეთანხმება რამდენიმეთვიანი მოლაპარაკებების შედეგია.
BBC-ი წერს, რომ როგორც აშშ-ში, ასევე სამხრეთ კორეაში ჩრდილოეთ კორეიდან მომდინარე ბირთვულ საფრთხესთან დაკავშირებით შეშფოთება მატულობს. ფხენიანი ავითარებს ტაქტიკურ ბირთვულ იარაღს, რომელსაც შეუძლია სამხრეთ კორეას დაარტყას და აუმჯობესებს შორ მანძილზე მოქმედ იარაღს, რომელსაც შეუძლია აშშ-ის ტერიტორიამდე მიაღწიოს. შეერთებულ შტატებს უკვე აქვს ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულება, დაიცვას სამხრეთ კორეა და პირობა დადო, რომ საჭიროების შემთხვევაში გამოიყენებს ბირთვულ იარაღს, მაგრამ სამხრეთ კორეაში, გარკვეულ წრეებში, გაჩნდა ეჭვი ამ ვალდებულებასთან დაკავშირებით და დაიწყო მოწოდებები, რომ ქვეყანამ საკუთარი ბირთვული პროგრამა განაგრძოს.