ქართული პრესის მიმოხილვა 27.04.2023

რამ შეიძლება გარდატეხა შეიტანოს ომში - “თუ უკრაინა გამომფიტავ ტაქტიკას გააგრძელებს, შეიძლება კონტრშეტევა არც დაჭირდეს”

“ლელო” ოპოზიციურ გაერთიანებას გეგმავს “ნაციონალური მოძრაობის” გარეშე

“საქართველოსა და უკრაინასთვის ყველაზე ოპტიმალური ვარიანტი პარტნიორობის შემდეგ ეტაპზე გადასვლაა“ - რა გადაწყვეტილებებია მოსალოდნელი ნატოს ვილნიუსის სამიტზე

* * *

რამ შეიძლება გარდატეხა შეიტანოს ომში - “თუ უკრაინა გამომფიტავ ტაქტიკას გააგრძელებს, შეიძლება კონტრშეტევა არც დასჭირდეს”

“რუსული ძალები უკრაინის ფრონტზე აქტიურ შეტევით ოპერაციებს სამი მიმართულებით ახორციელებენ, ესენია: ბახმუტის, ავდიივკასა და მარინკას მიმართულებები. უკრაინის თავდაცვის ძალებმა კი გასული დღის განმავლობაში, ფრონტის ამ სექტორებში მტრის 39 შეტევა მოიგერიეს. ხოლო ბახმუტისა და მარინკასათვის სასტიკი ბრძოლები გრძელდება. უკრაინის გენშტაბის ინფორმაციით, მოწინააღმდეგემ შეტევითი ოპერაციები განახორციელა დონეცკის ოლქის სევერნოესა და პერვომაისკოეს დასახლებებთან, მაგრამ წარმატებას ვერ მიაღწია. ამასთან, რუსებმა კონტაქტის ხაზთან მდებარე რამდენიმე დასახლება დაბომბეს. რაც შეეხება მარინკას მიმართულებას, გენშტაბის ცნობით, უკრაინელებმა გასული დღის განმავლობაში მარინკას დასახლების მიდამოში მოწინააღმდეგის მრავალი შეტევა მოიგერიეს”, - წერს გაზეთი “რეზონანსი” სტატიაში, სათაურით რამ შეიძლება გარდატეხა შეიტანოს ომში - “თუ უკრაინა გამომფიტავ ტაქტიკას გააგრძელებს, შეიძლება კონტრშეტევა არც დაჭირდეს”.

“უკრაინის ატომური ობიექტების სიახლოვეს რუსეთის ბარბაროსული თავდასხმები, ზაპოროჟიეს ატომური ელექტროსადგურის ოკუპაცია და მისი სამხედრო ბაზად გადაქცევა, მსოფლიოს ახალი კატასტროფის საფრთხის წინაშე აყენებს, რომლის მასშტაბებმა შეიძლება გადააჭარბონ ჩერნობილის ატომურ ელექტროსადგურზე 1986 წელს მომხდარი ავარიის შედეგებს”, - ამის შესახებ უკრაინის პრემიერ-მინისტრმა დენის შმიგალმა ჩერნობილის კატასტროფის 37 წლისთავთან დაკავშირებით განაცხადა. მისივე შეფასებით, მაშინ უკრაინა და მსოფლიო ერთ-ერთ უმსხვილეს ტექნოლოგიურ კატასტროფას წააწყდნენ, რომლის შედეგადაც თითქმის 5 მილიონი ადამიანი დაზარალდა. მისი თქმით, ყველა ცივილიზებულ ქვეყანას უნდა ახსოვდეს მოვლენები და შედეგები, რომლებიც 1986 წლის 26-მა აპრილმა მოიტანა იმისთვის, რათა გადამწყვეტად ებრძოლონ რუსეთის ბირთვულ ტერორს. “და ამ გზაზე პირველი ნაბიჯი უნდა გახდეს ზაპოროჟიეს ატომური ელექტროსადგურის დემილიტარიზაცია და რუსეთის ფედერაციის მთელი ბირთვული ინდუსტრიის წინააღმდეგ სანქციების დაწესება”, - განაცხადა შმიგალმა. უკრაინის პრეზიდენტ ვოლოდიმირ ზელენსკის განცხადებით, რუსეთის წინააღმდეგ სანქციების გამკაცრების ახალი სამოქმედო გეგმა მსოფლიოს ყველა წამყვანი ლიდერის მაგიდაზე იქნება”, - აღნიშნავს გამოცემა.

“მისი თქმით, საერთაშორისო სანქციების ჯგუფმა, ანდრეი ერმაკისა და მაიკლ მაკფოლის ხელმძღვანელობით, წარადგინა დოკუმენტი რუსეთის წინააღმდეგ სანქციების გამკაცრების შესახებ. ვოლოდიმირ ზელენსკიმ განმარტა, რომ სანქციების პირველი გეგმა 70%-ზე მეტით შესრულდა. “ასე რომ, ახლა ჩვენ წარმოვადგინეთ ის სფეროები, რომლებშიც სანქციების ზეწოლა შეიძლება კიდევ უფრო გაძლიერდეს და გზები, რათა უზრუნველვყოთ მსოფლიოში უფრო მეტი სტაბილურობა, გლობალური ურთიერთობებიდან ყველა დესტრუქციული რუსი აქტორის, ყველა მათგანის, ვინც ომისთვის მუშაობს, სრული გამორიცხვით. სანქციების შესახებ ეს დოკუმენტი მსოფლიოს ყველა წამყვანი ლიდერის - პოლიტიკური, საზოგადოებრივი და ბიზნეს ლიდერის მაგიდაზე იქნება. სანქციები რუსეთის ნავთობისა და გაზის სექტორის წინააღმდეგ, ბირთვული ინდუსტრიის წინააღმდეგ, აბსოლუტურად ნებისმიერი ადამიანის წინააღმდეგ, ვინც რუსეთს უკვე დაწესებული შეზღუდვების გვერდის ავლაში ეხმარება“, - აღნიშნა ზელენსკიმ, რომლის თქმით, “ეს არის საერთაშორისო სამართლებრივი წესრიგის აუცილებელი თავდაცვა”, - განაგრძობს გამოცემა.

“საქართველოს შეიარაღებული ძალების გენშტაბის უფროსის ყოფილი მოადგილე და პოლკოვნიკი ლაშა ბერიძე აცხადებს, რომ უკრაინას ახლა კონტრშეტევის დასაწყებად ყველაზე მეტად საარტილერიო საბრძოლო მასალები სჭირდება, რომელიც არა აქვთ. ბერიძე ფიქრობს, რომ ამ შეიარაღების მიღების გარეშე უკრაინა კონტრშეტევაზე გადასვლას ვერ მოახერხებს. “აბსოლუტურად რაშიც დარწმუნებული ვარ ის არის, რომ თუკი უკრაინა ასეთ გამომფიტავ ომს გააგრძელებს, მას შეიძლება კონტრშეტევა არც დაჭირდეს. რუსები თავად ვეღარ გაუძლებენ და ჯარი ჩამოიშლება. კიევთან რაც მოხდა ძალიან კარგად ვნახეთ, როცა უკრაინამ რუსების ჯარი დედაქალაქს მომდგარი ბრძოლაში სრულიად გამოფიტა, მათი მდგომარეობიდან გამოყვანა მოახერხა და იძულებულები გახდნენ უკან დაეხიათ”, ამბობს ბერიძე, რომლის თქმით “იგივე ვიხილეთ ხარკოვთან, სუმისთან, იზიუმთან”, - დასძენს გამოცემა.

“უკრაინელებმა როგორ შეძლეს ამ ტაქტიკით გამარჯვება. ხერსონი როგორ გაათავისუფლეს? ერთი, რაც ფაქტია და ამ ომმა განსაკუთრებით აჩვენა, ისაა, რომ თუკი უკრაინა გამოფიტვაზე ბრძოლას გააგრძელებს, რუსებს არა აქვთ იმის შესაძლებლობა დიდხანს გაუძლონ. რუსული ძალები ძალიან გაწელილია. ახლა სამხრეთ უკრაინაში ძალიან გამოუცდელი ქვედანაყოფები განალაგეს. ამიტომ რა წამსაც სამხრეთის მიმართულებაზე უკრაინელების მიწოლა დაიწყება, წინააღმდეგობას ვერ გაუძლებენ. კრემლს ნელ-ნელა უკრაინის ომში ფრონტის სხვადასხვა მიმართულებების დათმობა მოუწევს. სტრატეგიულად რომ ვიაზროვნოთ, რუსებს თავისი ხალხის უაზროდ შეხოცვა რომ არ უნდოდეთ, სამხრეთ მიმართულება თავად უნდა დათმონ. თუმცა, ამის გაკეთება გაუჭირდებათ, რადგან ყირიმი ამ მიმართულებაზეა მიბმული. ყირიმის დაკარგვა კი პუტინს ომის წაგების ფასად დაუჯდება. ან ქვეყნის შიგნით სერიოზული პრობლემები დაიწყება”, - დაასკვნის გამოცემის კორესპონდენტთან საუბრისას ლაშა ბერიძე.

“ლელო” ოპოზიციურ გაერთიანებას გეგმავს “ნაციონალური მოძრაობის” გარეშე

“პარტია “ლელო” ოპოზიციურ გაერთიანებას გეგმავს, თუმცა, “ნაციონალური მოძრაობის” გარეშე. ხაზარაძე-ჯაფარიძის პარტია არჩევნებში დამოუკიდებლად მონაწილეობას აპირებს, მაგრამ, გამარჯვების მოპოვების შემთხვევაში კოალიციაში შესვლას არ გამორიცხავს - ამის შესახებ პარტიის წევრმა დავით უსუფაშვილმა განაცხადა. ანალიტიკოსებში აზრი ორად გაიყო, კოალიცია შექმნა-არშექმნის თაობაზე. “ვართ მზად და მომხრე, რომ არჩევნების შემდეგ შევქმნათ კოალიცია, იმ პოლიტიკურ ძალებთან, ვისაც ყველაზე უფრო მეტი სიახლოვე აღმოაჩნდება “ლელოს” პროგრამასთან”, - წერს გაზეთი “რეზონანსი” სტატიაში, სათაურით შესაძლებელია თუ არა ოპოზიციაში ახალი გაერთიანებების შექმნა - “აუცილებლად უნდა მოხდეს გამსხვილება, თუ უნდათ რაიმე წარმატებას მიაღწიონ”.

“ჩვენ ვთვლით, რომ არჩევნების წინ და არჩევნებამდე “ოცნებასთან” და “ნაციონალურ მოძრაობასთან” ჩვენი რაიმე გრძელვადიანი თანამშრომლობის კოალიცია, შეთანხმება და ასე შემდეგ, ეს არის გამორიცხული”, - ამბობს “ლელოს” წევრი დავით უსუფაშვილი. ანალიტიკოსი ვახტანგ ძაბირაძე, არჩევნებში ოპოზიციური წვრილი პარტიების საარჩევნო ბარიერის გადალახვის შესაძლებლობას, მხოლოდ პარტიების გამსხვილებაში ხედავს, პარტიები კი გამსხვილდებიან საერთო ინტერესების შეხედულებების და იდეოლოგიების მიხედვით. ხოლო ანალიტიკოსი რამაზ საყვარელიძე “ლელოსთან” კოალიციის შექმნის და თანამშრომლობის პერსპექტივას ვერ ხედავს, ვინაიდან მას არ გააჩნია საამისო რეიტინგი და შესაძლებლობები”, - აღნიშნავს გამოცემა.

“ლელოც” და სხვა პოლიტიკური ძალებიც, - გამოვრიცხავ “ნაციონალურ მოძრაობას” და “ქართულ ოცნებას”, ვგულისხმობ წვრილ პარტიებს რომელთა რეიტინგი “აირაის” გამოკვლევებს თუ ვიწამებთ, 3 პროცენტამდეა, ეს არის ჯგუფი, სადაც აუცილებლად უნდა მოხდეს გამსხვილება, თუ უნდათ რაიმე წარმატებას მიაღწიონ. ყოველ შემთხვევაში მინიმალურ წარმატებას მაინც, რაც იმას ნიშნავს რომ 5%-იანი ბარიერი უნდა გადალახონ. ვინ ვისთან დაჯგუფდება და როგორ, ეს არ ვიცი. ყველას აქვს თავისი შეხედულება ამაზე, მაგრამ გამსხვილება რომ აუცილებელია, ეს ფაქტია. რაც შეეხება კოალიციის შექმნას, ალბათ გაერთიანდებიან ერთნაირი იდეოლოგიის თვალსაზრისით” - დაასკვნის გამოცემის კორესპონდენტთნ საუბრისას ვახტანგ ძაბირაძე.

“ვინ აღმოჩნდება „ლელოს" გვერდით, ეს ბევრ რამეზეა დამოკიდებული, მაგალითად იმაზე, რას მისცემს “ლელო” ასეთ პარტიებს, მის გვერდით მყოფ პარტიებს - ერთი შეიძლება, რომ “ლელო” ისეთი წარმატებული პარტია იყოს, რომ მაღალი რეიტინგით, რომ მის გვერდით ყოფნა მომგებიანი იყოს პარლამენტში შესასვლელად. ასეთი მდგომარეობა “ლელოს” არა აქვს. არის კიდევ სხვა ფაქტორები, მაგალითად, ფინანსური დაინტერესება ადამიანებისა, საიმისოდ რომ ისინი გახდნენ მონაწილე აი ასეთი გაერთიანების. აქვს “ლელოს” ასეთი განზრახვა? არ ვიცი. რომ არ ჰქონდეს არ გამიკვირდება, იმიტომ რომ ფინანსური დაინტერესებით, პოლიტიკური გაერთიანების მოწყობა, ცოტა არამყარი მდგომარეობაა, ვიღაც სხვა თუ შესთავაზებს უფრო მეტ ფინანსებს, იქით გადაეწყობიან და დამთავრდება ამით. ასე რომ, ვერ ვხედავ იმ სანდო მყარ მექანიზმებს, რომლითაც ურეიტინგო პარტიას შეეძლება კოალიციის შექმნა”, - მიიჩნევს გამოცემის კორესპონდენტთან საუბრისას რამაზ საყვარელიძე.

“საქართველოსა და უკრაინასთვის ყველაზე ოპტიმალური ვარიანტი პარტნიორობის შემდეგ ეტაპზე გადასვლაა“ - რა გადაწყვეტილებებია მოსალოდნელი ნატოს ვილნიუსის სამიტზე

“ჩრდილოატლანტიკური ალიანსის მომავალი ვილნიუსის სამიტი შესაძლოა ისტორიული გახდეს, რომელიც 11-12 ივლისს გაიმართება. უკრაინა ითხოვს, რომ ნატო-ს სივრცეში სწრაფი ინტეგრირების საშუალება და მანამდე უსაფრთხოების მყარი გარანტიები მიეცეს, თუმცა, როგორც ანალიტიკოსები აცხადებენ, დღეს ყველაზე ოპტიმალური ვარიანტი “მაპ”-ია (გაწევრიანების სამოქმედო გეგმა). თუმცაღა, დასძენენ, რომ თუ “მაპ”-ს მისცემენ უკრაინას, მისცემენ საქართველოსაც, რადგან, ეს ორი ჩრდილოატლანტიკური ალიანსის ფარგლებში ერთ კონტექსტში მოიაზრებიან. “თავის მართლება უნდა შევწყვიტოთ და ვაღიაროთ, რომ უკრაინის ნატოში გაწევრიანების ალტერნატივა არ არსებობს” - ამის შესახებ უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრი დმიტრო კულება Fორეიგნ Aფფაირს-ში გამოქვეყნებულ სტატიაში წერს. როგორც კულება აღნიშნავს, ეჭვქვეშ არ აყენებს ალიანსის ერთგულებას უკრაინისადმი, თუმცა, ეჭვქვეშ აყენებს ალიანსის სტრატეგიას”, - წერს გაზეთი “რეზონანსი” სტატიაში, სათაურით “საქართველოსა და უკრაინასთვის ყველაზე ოპტიმალური ვარიანტი პარტნიორობის შემდეგ ეტაპზე გადასვლაა“ - რა გადაწყვეტილებებია მოსალოდნელი ნატოს ვილნიუსის სამიტზე.

“დროა თავის მართლებაზე უარი ვთქვათ და საბოლოოდ ვაღიაროთ, რომ უკრაინის მიღების ალტერნატივა არ არსებობს, თუ ნატოს მიზანია ევროატლანტიკური თანამეგობრობის უსაფრთხოების უზრუნველყოფა. უკრაინისადმი ნატოს ამჟამინდელ ერთგულებას ეჭვის ქვეშ არ ვაყენებ. რუსეთის სრულმასშტაბიანი შეჭრის დაწყებიდან ალიანსის წევრები კიევს სასიცოცხლოდ მნიშვნელოვან დახმარებას აწვდიდნენ. მაგრამ ეჭვის ქვეშ ვაყენებ ნატოს სტრატეგიას, როდესაც საუბარია უკრაინაზე და ევროატლანტიკური რეგიონის გრძელვადიან უსაფრთხოებაზე. შიშმა ალიანსის კეთილგონიერება გადაფარა, აიძულა ფრთხილი სტრატეგია მიეღო, რომელსაც მძიმე შედეგები ჰქონდა ათასობით უკრაინელისთვის, რომელიც გაიტაცეს, გააუპატიურეს, აწამეს, გადააადგილეს ან მოკლეს. ნატოს სტრატეგიის შეცდომამ ასევე საშუალება მისცა რუსეთს დასავლეთის უსაფრთხოებას ძირი გამოუთხაროს კიბერშეტევებით, შპიონაჟით და პოლიტიკური ჩარევით”, - წერს კულება. ის ნატოს წევრი სახელმწიფოების ლიდერებს გაბედული გადაწყვეტილების მიღებისკენ მოუწოდებს, რომელსაც უსაფრთხოების მხრივ რეგიონში არსებულ ვითარებაზე მნიშვნელოვანი გავლენა ექნება”, - აღნიშნავს გამოცემა.

“20 აპრილს კი ნატო-ს გენერალურმა მდივანი იენს სტოლტენბერგი კიევს ეწვია, ვოლოდიმირ ზელენსკისთან შეხვედრის შემდეგ განაცხადა, რომ “უკრაინის მომავალი ევროატლანტიკურ ოჯახშია, უკრაინის მომავალი ნატო-შია” და აღნიშნული საკითხი ნატო-ს მომდევნო სამიტზე იქნება განხილული. 25 აპრილს კი ნატო-ს გენერალურ მდივანს, იენს სტოლტენბერგს საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი ბრიუსელში ვიზიტის ფარგლებში შეხვდა. მთავრობის პრესსამსახურის თქმით, შეხვედრაზე მხარეებმა ისაუბრეს საქართველოს ევროატლანტიკური ინტეგრაციის დინამიკაზე და ორმხრივი თანამშრომლობის დატვირთულ დღის წესრიგზე. საუბარი ასევე შეეხო რეგიონში არსებულ მძიმე უსაფრთხოების გარემოსა და უკრაინაში მიმდინარე ომს. ალიანსის გენერალურმა მდივანმა დააფიქსირა ნატო-ს ურყევი მხარდაჭერა საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის მიმართ”, - განაგრძობს გამოცემა.

“საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ხაზგასმით აღნიშნა, რომ ნატო-საქართველოს თანამშრომლობა წარმოადგენს ერთ-ერთ მთავარ პრიორიტეტს. თავის მხრივ, ნატო-ს გენერალურმა მდივანმა პრემიერს ალიანსის მტკიცე მხარდაჭერა დაუდასტურა. შეხვედრისას განხილულ იქნა მოახლოებული ნატო-ს ვილნიუსის სამიტი. მხარეებმა იმედი გამოთქვეს, რომ საქართველოს პროგრესი და მისი მისწრაფება სათანადოდ იქნება ასახული ალიანსის შემდგომ გადაწყვეტილებებში როგორც ქვეყნის პოლიტიკური მხარდაჭერის, ისე პრაქტიკული შესაძლებლობების გაძლიერების თვალსაზრისით. მთავრობის პრესსამსახური წერს, რომ მხარეებმა აღნიშნეს, რომ საქართველო, როგორც ნატო-ს ასპირანტი ქვეყანა, ყოველთვის იყო ალიანსის ერთ-ერთი ყველაზე სანდო და ქმედუნარიანი პარტნიორი და დიდი წვლილი შეიტანა საერთო ევროატლანტიკური უსაფრთხოების განმტკიცებაში. ასევე აღინიშნა, რომ მოკავშირეების დახმარებითა და მხარდაჭერით საქართველომ მნიშვნელოვნად განავითარა თავდაცვითი შესაძლებლობებ”, - დასძენს გამოცემა.

“რაც შეეხება ნატოს გენმდივნის გზავნილს საქართველოსადმი, როგორც მან ღარიბაშვილთან შეხვედრის შემდეგ პრესკონფერენციაზე განაცხადა, საქართველოს შეუძლია ნატოს იმედი ჰქონდეს, რადგან “ქართველმა ხალხმა ნათლად აჩვენა, რომ სურს დემოკრატიული, წარმატებული, ევროატლანტიკურ რეგიონში ინტეგრირებული ქვეყანა”. ნატოს გენმდივანმა იმედი გამთქვა, რომ საქართველო შიდა რეფორმებზე ძალისხმევას გააორმაგებს და დემოკრატიულ სტანდარტებს დაიცავს. რუსეთს კი მოუწოდა უკან წაიღოს საქართველოს ტერიტორიების დამოუკიდებელ სახელმწიფოებად აღიარება. ჯიპას პროფესორი გიორგი კობერიძე “რეზონანსთან” აცხადებს, რომ წინასწარ საუბარი რთულია, თუმცა საქართველოსთვისაც და უკრაინისთვისაც ოპტიმალური ვარიანტი და პარტნიორობის საუკეთესო სხვა ეტაპზე გადასვლა გაწევრიანების სამოქმედო გეგმა “მაპ”-ია”, - წერს სტატიის ავტორი.

“რა გადაწყეტილებები შეიძლება იქნას მიღებული ამაზე საუბარი ძალიან რთულია, მოლოდინები ერთია და რეალობა მეორე, რომელიც შეიძლება დადგეს. თუმცაღა, ყველაზე ოპტიმალური ვარიანტი რაც შეიძლება საქართველოსთან და უკრაინასთან მიმართებით იყოს, ესაა პარტნიორობის სხვა ეტაპზე გადასვლა, მათ შორის თუნდაც ოფიციალურად “მაპ”-ის მონიჭება. “მაპ”-ი საქართველოსთვის და უკრაინისთვის ძალიან დიდი მიღწევა იქნება, ამასთანავე შვედეთის საკითხის კიდევ უფრო წინ წამოიწევა, საერთოდაც შესაძლებელია თურქეთის არჩევნების ფონზე, იმის მოსწრებაც კი, რომ ამ სამიტის პერიოდში, ან უფრო მოგვიანებით, ალიანსში შევედეთიც კი მიიღონ. სხვა თვალსაზრისით ნატოს გაფართოება რომ მოხდეს უკრაინისა და საქართველოსთან მიმართებით, ეს ნაკლებად შესაძლებელია და არ მგონია. თუნდაც იმ მიზეზის გამო, რომ უკრაინასთან მიმართებით აღნიშნული ქმედება რუსეთთან პირდაპირ ომში ჩართვას გამოიწვევს”, - აცხადებს გამოცემის კორესპონდენტთნ საუბრისას გიორგი კობერიძემ.

“უკრაინის და საქართველოს ალიანსში გაწევრიანების ოფიციალური მიწვევა ნატოს დიდ დაბრკოლებებს შეუქმნის, მათ შორის ალიანსის მეხუთე მუხლის ამოქმედება და რუსეთთან ომში პირდაპირ ჩართვაა. ანუ ასეთ შემთხვევაში, ნატოს შეექმნება ვალდებულება, რომ რუსეთის წინააღმდეგ ომი დაიწყოს. ამასთანავე, კიდევ ერთი ფაქტორი, უნგრეთის პოზიციაა, რომელიც უკრაინის მიღებაზე უარს ღიად აცხადებს, ყოველ შემთხვევაში ამ ეტაპზე მაინც და მოგვიანებით ვნახოთ რა იქნება. გარდა დახმარების პაკეტებისა, რომელიც უკრაინასა და საქართველოს მიმართებით შეიძლება კიდევ უფრო გაიზარდოს, ალბათ ყველაზე ოპტიმალური იქნებოდა გვესურვა, რომ “მაპის” საკითხი ყოფილიყო”, - მიიჩნევს რესპონდენტი.

“თუმცა ჯერჯერობით ესეც არაა დღის წესრიგში დაყენებული, ჩვენი გადასახედიდან ეს ყველაფერი სასურველზე ფიქრია. რეალისტურად ამ სამიტის გადამწყვეტი მნიშვნელობა უფრო გარეშე ფაქტორებითაა შექმნილი და იმითაც, რომ ნატოს გენმდივანი კიევში იყო ჩასული, ვიდრე იმით, რომ წინასწარ რაღაც მინიშნებაა გაკეთებული. თუკი ნატოსთან დაახლოებაზე იქნებოდა საუბარი, ამ ეტაპზე ყველაზე რეალისტური “მაპ”-ი იქნებოდა. საქართველო და უკრაინა ერთად მოიაზრება, 2008 წელს პასუხი ერთად მივიღეთ და თუკი რაიმე ოდესმე რაიმე გადაწყვეტილება მიიღება, ეს ერთად იქნება”, - ამტკიცებს გიორგი კობერიძე.

ვახუშტი მენაბდე - ამ ეტაპზე „ქართული ოცნების“ მთავარი ამოცანა არა პრეზიდენტის დაზიანება და მისთვის იმპიჩმენტის გამოცხადება, არამედ 26 ოქტომბრისთვის ამომრჩევლის მაქსიმალურად მობილიზებაა
ქართული პრესის მიმოხილვა 07.10.2024
იან კელი - აშშ-ს პრეზიდენტის მიღებაზე მიწვევას არ ვუუქმებთ მთავრობებს, რომლებსაც მეგობრად ვთვლით
კახა ოქრიაშვილი - მთავრობამ საერთოდ ხელი რომ არ გაანძრიოს, ჩვენი ეკონომიკური ზრდა 14-17%-მდე მაინც უნდა იყოს, რადგან ეს ემიგრანტების მიერ ჩამორიცხული ფულია - ისინი კი ახერხებენ, რომ ზრდა თითქმის ორჯერ ნაკლებია
„ვენდისის“ ქართული რესტორნის მენეჯერი „ვენდისის“ საერთაშორისო კონვენციაზე მსოფლიოს 5 საუკეთესო მენეჯერთა შორის აღიარეს
დაბა აგარაში მუნიციპალიტეტის მოსახლეობისათვის კონცერტი გაიმართა
ყოველწლიური საქველმოქმედო გარბენი დაჭრილ მებრძოლთა მხარდასაჭერად
განათლების მინისტრი ალექსანდრე წულაძე თბილისის 211-ე და 215-ე საჯარო სკოლებს ეწვია
ავტოინდუსტრიის წამყვანი კომპანიების წარმომადგენლები „სოკარის“ ნავთობბაზას სტუმრობდნენ
კომპანია „ახალი ნათება“ 25 წლის იუბილეს აღნიშნავს
SBC Summit-ის გლობალური შესაძლებლობა ქართული ბიზნესისთვის
საქართველოს სატრანზიტო პოტენციალი - განვითარების და ზრდის პერსპექტივები - „ჯიპიაი ჰოლდინგის“ მასშტაბური კონფერენცია გადამზიდავი კომპანიებისთვის
United Payment-მა რეგიონში პირველი ფინტექ გზავნილები დანერგა
როგორ მიიღოთ მწვანე ბარათი და იცხოვროთ ამერიკაში – შესაძლებლობა, რომელიც არ უნდა გამოტოვოთ