გათვლები იმის შესახებ, რომ ჩვენ რუსეთთან რამეს გავაკეთებთ და მოვაგვარებთ, ილუზიაა. ადამიანები, რომლებიც ამ ფილოსოფიას მიჰყვებიან ან ცდებიან ან უბრალოდ, არ ჰყოფნით შესაბამისი ცოდნა და გამოცდილება რუსეთთან ურთიერთობაში, - ამის შესახებ საქართველოს ყოფილმა ელჩმა რუსეთში და უკრაინაში, ვალერი ჩეჩელაშვილმა „პალიტრანიუსის“ გადაცემაში „ნიუსრუმი“ განაცხადა.
მისი თქმით, საქართველოს უმთავრესი საგარეო პრიორიტეტია ნატო-სთან და ევროკავშირთან შეერთება, რომელიც კონსტიტუციაში ძალიან ნათლად არის ჩაწერილი. როგორც მან აღნიშნა, ამისთვის საჭიროა ფასეულობების და თანამშრომლობის პრინციპების გაზიარება, ასევე ევროპული თანამშრომლობის წესების სულისკვეთება, რომლითაც საქართველო უნდა შეუერთდეს ევროკავშირს, „იმიტომ, რომ ჩვენ გვინდა შეერთება ევროკავშირთან და არა, პირიქით“.
„ხშირად მრჩება შთაბეჭდილება, რომ მმართველ პარტიაში ეს ბოლომდე გააზრებული არ არის და ვფიქრობ, რომ ამ განმარტებებზეც იქნება მიმართული ვიზიტები, რომელიც ახლა საქართველოში იმართება და ამაზეც ესაუბრებიან „ქართული ოცნებიდან“ მაღალჩინოსნებს, რომლებიც ევროპას სტუმრობენ. ძალიან კარგია, რომ ეს ვიზიტები გახშირდა, იმედია, რომ ამ ვიზიტების შედეგად უფრო ნათელ წარმოდგენას მიიღებენ იმაზე, სინამდვილეში რას ელოდება ევროპა ჩვენგან, რომ საქართველოს ბოლომდე გაუხსნას არა მხოლოდ კანდიდატის სტატუსის, არამედ მოლაპარაკებების დაწყების პერსპექტივა გაწევრიანებასთან დაკავშირებით“, - განაცხადა ვალერი ჩეჩელაშვილმა.
მისი თქმით, ევროპელი მაღალი თანამდებობის პირების საქართველოში ვიზიტი ემსახურება იმას, რომ ხელისუფლება დაარწმუნონ - ევროპა არის საქართველოს მეგობარი, სტრატეგიული პარტნიორი და რომ საქართველოს უსაფრთხოების, კეთილდღეობის და განვითარების მომავალი დაკავშირებულია ნატო-სა და ევროკავშირში გაწევრიანების პერსპექტივასთან. მისი თქმით, სხვაგვარად საქართველო ვერ ჩამოაყალიბებს მყარ სისტემას, რომელიც უზრუნველყოფს მდგრად გარანტიებს ქვეყნის უსაფრთხოებისა და კეთილდღეობის შესახებ.
„ილუზიაა ის, რომ ჩვენ რაღაც არგაღიზიანების პოლიტიკით შეგვეძლება რუსეთთან ისე მოვაგვაროთ ჩვენი ურთიერთობები, რომ რაღაც მყარი გარანტიები მივიღოთ. ჯერ ერთი, რუსეთი ამაზე აბსოლუტურად არ ფიქრობს და ეს მას არ ადარდებს. ეს გამოჩნდა ბოლო საგარეო კონცეფციაში, რომელიც რამდენიმე კვირის წინ დაამტკიცა რუსეთის ფედერაციამ. იქ საქართველოზე საერთოდ ერთი სიტყვაც არ არის ნახსენები, აფხაზეთის და ცხინვალის რეგიონი ორჯერ არის ნახსენები მდგრადი განცხადებით, რომ „ჩვენ მხარს ვუჭერთ ახალ ქვეყნებს“ და.აშ. მეორე - ჩვენ ეს უკვე ვიცით, ეს გამოცდილება უკვე გვაქვს, ისევე, როგორც ჩვენ მეგობრებს: აზერბაიჯანელებს, მოლდაველებს, უკრაინელებს, სხვებს, მათ შორის ევროპასაც, აშშ-საც, რომ რუსეთის ფედერაციას საკუთარ თავზე აღებული რაღაც ვალდებულებები აუცილებლად შესასრულებელ ვალდებულებად არ მიაჩნია და მასზე უარს ძალიან მარტივად ამბობს. შემიძლია ჩამოვთვალო ათეულობით ორმხრივი და მრავალმხრივი ხასიათის შეთანხმება, რომელზეც საქართველოს გვაქვს რუსეთთან ხელმოწერილი და რომელიც რუსეთმა არ შეასრულა, ისევე, როგორც უკრაინასთან და სხვა ქვეყნებთან. ამიტომ გათვლები იმის შესახებ, რომ ჩვენ რუსეთთან რამეს გავაკეთებთ და მოვაგვარებთ ილუზიაა. ადამიანები, რომლებიც ამ ფილოსოფიას მიჰყვებიან ან ცდებიან ან უბრალოდ, არ ჰყოფნით შესაბამისი ცოდნა და გამოცდილება რუსეთთან ურთიერთობაში“ .-განაცხადა ვალერი ჩეჩელაშვილმა.
რაც შეეხება საქართველოს ხელისუფლების წარმომადგენლების ვიზიტს ევროპაში, დიპლომატი მას დადებითად აფასებს.
„კარგია, რომ ევროპაში დადიან, კარგია, რომ ევროპელებს უსმენენ. ვფიქრობ, გაორების ეს ტენდენცია, რომელსაც ჩვენ თვალ-ყურს ვადევნებთ, რომ ლიდერები გარეთ ერთი ლექსიკის და ფილოსოფიის მატარებელი არიან და საქართველოში რომ ბრუნდებიან აბსოლუტურად განსხვავებული ენით საუბრობენ, ენის ეს გაორების სინდრომი ვფიქრობ, ჩაცხრება და დარწმუნებიან იმაში, რომ რეალურად მათ ინტერესებშიცაა საქართველომ მიიღოს კანდიდატის სტატუსი, შემდგომ კი, მოლაპარაკებები დაიწყოს რეალურად გაწევრიანების თაობაზე ევროკავშირსა და ნატო-ში. ნუ დაგვავიწყდება ნატო-ს სამიტი, რომელიც გვიახლოვდება და რომელზეც გადაწყვეტილება იქნება მიღებული არამხოლოდ ჩვენთან, არამედ უკრაინასთან დაკავშირებითაც და არ მინდა, რომ ნატო-შიც იგივე მოხდეს, რაც მოხდა ევროკავშირის კონტექსტში, ანუ გაიყოს უკრაინა და საქართველო და ერთი ნაბიჯით ჩამოვრჩეთ უკრაინას, რაც სავსებით შესაძლებელია, თუ აქტიურ ზომებს არ მივმართავთ. ძალიან მენიშნა და ვფიქრობ, რომ ამის აღმზრდელობით მუშაობას ატარებენ ამ ლიდერებთან ჩვენი ევროპელი პარტნიორები. მაგალითად, სტოლტენბერგმა ძალიან ნათლად ჩამოაყალიბა თავისი მოსაზრება იმ ავადსახსენებელ კანონთან დაკავშირებით, ე.წ. უცხოური აგენტების შესახებ კანონი რომ ჰქვია“, - განაცხადა ვალერი ჩეჩელაშვილმა.
მისი თქმით, თუ საქართველო მიიღებს ევროკავშირში წევრობისთვის კანდიდატი ქვეყნის სტატუსს, ეს იქნება საერთო გამარჯვება და რა თქმა უნდა, იქნება ხელისუფლების პლუსიც, მაგრამ თუ საქართველო ვერ მიიღებს კანდიდატის სტატუსს, პასუხისმგებლობა მხოლოდ მმართველ პარტიაზე იქნება.