თუ ამ წლის ბოლოს არ მოგვცეს კანდიდატის სტატუსი, საზოგადოების რეაქციაზე იქნება ძალიან ბევრი რამ დამოკიდებული. შესაძლოა, მოვლენები ისე განვითარდეს, რომ რეჟიმი იძულებული იყოს დანიშნოს რიგგარეშე არჩევნები, - ამის შესახებ „ნაციონალური მოძრაობის“ ერთ-ერთმა ლიდერმა, გიორგი ბარამიძემ განაცხადა.
მისი თქმით, თუკი საქართველო ევროკავშირის კანდიდატის სტატუსს ვერ მიიღებს, ეს ხელისუფლების ბრალი იქნება.
„თუ საქართველომ ვერ მიიღო ევროკავშირში გაწევრიანების სტატუსი, ეს ძალიან სამწუხარო იქნება. რა თქმა უნდა, ეს იქნება ქვეყანაში არსებული იმ რეჟიმის, მთავრობის „დამსახურება“ და ივანიშვილის ბრალი. ის მიზანმიმართულად მოქმედებს იმისთვის, რომ ყველაფერი გააკეთოს იმისთვის, რომ კანდიდატის სტატუსი არ მივიღოთ. თუკი ეს სტატუსი მაინც არ მოგვცეს, საზოგადოების რეაქცია რაც იქნება, იმის შესაბამისად ვიმოქმედებთ,“ - განაცხადა გიორგი ბარამიძემ.
რაც შეეხება „მთავარი არხის“ გენერალური დირექტორის, ნიკა გვარამიას საკითხს - როგორც გიორგი ბარამიძემ განაცხადა, ნიკა გვარამია პოლიტიკური პატიმარია და საქართველოს ხელისუფლებას მისი ეშინია.
„ნიკა გვარამია მიხეილ სააკაშვილთან და სხვა ამ პუტინისტურ რეჟიმთან მებრძოლ პატრიოტებთან ერთად არის ერთმნიშვნელოვნად პოლიტიკური პატიმარი და რომლისაც ამ რეჟიმს ეშინია. ეშინია იმიტომ, რომ ის და მისი არხი, სხვა სიმართლის მთქმელ ტელევიზიებთან ერთად, ამ რეჟიმის ანტიეროვნულ, პუტინისტურ, მოღალატურ ქმედებებს ამხელს. ამიტომ არის ახლა ნიკა გვარამია ციხეში. ამიტომ ეშინიათ მისი და არ უნდათ რომ ის იყოს თავისუფლებაზე, მაგრამ ის იქიდანაც იბრძვის და რა თქმა უნდა, ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანია ნიკას გათავისუფლებისთვის ერთობლივი ბრძოლა, ყველასთან. დღეს ჩვენ მოგვიწვია მისი თავისუფლების ორგანიზაციამ ჩვენი მოქმედებების კოორდინაციისათვის. რა თქმა უნდა, ეს არის ძალიან სასურველი და „ნაციონალური მოძრაობა“ ყველაფერს გააკეთებს, რაც კი ჩვენ ხელგვეწიფება, სხვა პატრიოტულ ორგანიზაციებთან ერთად, იმისათვის, რომ რაც შეიძლება სწრაფად ნიკა იყოს თავისუფალი,“ - განაცხადა ბარამიძემ.