გლდანის რაიონის გამგეობამ მესამე მიკრორაიონის N69-70 საცხოვრებელ კორპუსებთან (N100 საბავშვო ბაგა-ბაღის მიმდებარედ) სკვერის მოწყობა დაიწყო. სამუშაოების ფარგლებში, დაახლოებით, 2 000 კვადრატულ მეტრამდე ფართობზე რეკრეაციული სივრცე ეწყობა.
თბილისის მერიის ინფორმაციით, ტერიტორიაზე განთავსდება ბავშვთა გასართობი და მოსასვენებელი ზონები, დამონტაჟდება გარე განათებისა და სარწყავი სისტემები, მოეწყობა ტენისის მაგიდა, სავარჯიშო სივრცე, დაირგვება სხვადასხვა სახეობის ხე-მცენარე. ასევე, განთავსდება სკვერისთვის საჭირო ინფრასტრუქტურა. სკვერისთვის გლდანის რაიონის გამგეობის ბიუჯეტიდან დაახლოებით, 350 000 ლარი დაიხარჯება.
მათივე ცნობით, სამუშაო პროცესს გლდანის რაიონის გამგებლის მოვალეობის შემსრულებელი, ბესიკ კალაძე, საკრებულოს მაჟორიტარ დეპუტატ, კონსტანტინე ზარნაძესთან ერთად გაეცნო.