„სტატისტიკის“ ეროვნული სამსახურის აღმასრულებელი დირექტორი გოგიტა თოდრაძე, მსოფლიო მონაცემთა ფორუმში მონაწილეობს, რომელიც ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის ქალაქ ჰანჯოუში, 24-დან 27 აპრილის ჩათვლით მიმდინარეობს.
„საქსტატის“ მიერ გავრცელებული ინფორმაციით, მსოფლიო მონაცემთა ფორუმი აერთიანებს სტატისტიკოსებს და ინფორმაციის მომხმარებლებს კერძო და სახელმწიფო სექტორიდან, საერთაშორისო და რეგიონალური ორგანიზაციებიდან, ასევე მედიის, აკადემიის და სამოქალაქო საზოგადოებიდან.
„ფორუმი რამდენიმე თემატური მიმართულებით მიმდინარეობს, მათ შორისაა უკეთესი მონაცემებისთვის ახალი შესაძლებლობების განვითარება, ინოვაციები და თანამედროვე ტექნოლოგიები ოფიციალური სტატისტიკის წარმოების პროცესში, სტატისტიკური მონაცემებისადმი მომხმარებელთა ნდობის ამაღლება, უკეთესი გადაწყვეტილების მისაღებად მონაცემთა გამოყენების ხელშეწყობა და სხვა.
ფორუმის გახსნისას მონაწილეებს სიტყვით მიმართეს გაეროს გენერალურმა მდივანმა, ანტონიუ გუტერეშმა, გაეროს სტატისტიკის სამსახურის (UNSD) დირექტორმა, ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის ვიცე პრემიერმა და სხვა მაღალი თანამდებობის პირებმა.
ფორუმის ფარგლებში გოგიტა თოდრაძემ მონაწილეობა მიიღო სხვადასხვა პანელურ დისკუსიებში და სამუშაო შეხვედრებში, რომლებიც გაეროს და სხვა საერთაშორისო ორგანიზაციების ორგანიზებით გაიმართა. მოხსენებისას მან დამსწრე საზოგადოებასთან ქვეყანაში სხვადასხვა მიმართულებით, ოფიციალური სტატისტიკის წარმოების პრაქტიკის, არსებული გამოწვევებისა და ალტერნატიულ მონაცემთა წყაროების გამოყენების შესაძლებლობების შესახებ ისაუბრა.
ფორუმში მსოფლიოს 100-ზე მეტი ქვეყნის 2500-მდე წარმომადგენელი მონაწილეობს, მათ შორის არიან სხვადასხვა ქვეყნის სტატისტიკის სამსახურების ხელმძღვანელი პირები, საერთაშორისო და ადგილობრივი ორგანიზაციების წარმომადგენლები, ექსპერტები და მაღალი თანამდებობის პირები,“ - აღნიშნულია გავრცელებულ ინფორმაციაში.