27 აპრილს, ბათუმმა დასაქმების მასშტაბურ ფორუმს უმასპინძლა. ამის შესახებ ინფორმაციას დასაქმების ხელშეწყობის სახელმწიფო სააგენტო ავრცელებს.
მათივე ცნობით, ფორუმში მონაწილეობა 70-ზე მეტმა კომპანიამ მიიღო, წარმოდგენილი იყო 2000-ზე მეტი ვაკანსია.
„მოქალაქეებს შესაძლებლობა ჰქონდათ, შეერჩიათ სასურველი ვაკანსია: სარესტორნო, სამრეწველო, სასტუმრო, სამშენებლო, სავაჭრო და სატრანსპორტო მიმართულებით. ფორუმი დასაქმების ხელშეწყობის სახელმწიფო სააგენტოსა და აჭარის დასაქმების სააგენტოს ინიციატივით ჩატარდა. წელს პირველად, ფორუმის პარალელურად მოქალაქეებს საკუთარი სერვისები და პროგრამები სახელმწიფო უწყებებმაც გააცნეს. დასაქმების ფორუმზე, ასევე წარმოდგენილი იყვნენ ადგილობრივი პროფესიული კოლეჯები. ფორუმს აჭარის ჯანდაცვის მინისტრი, აჭარის უმაღლესი საბჭოს ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის კომიტეტის თავმჯდომარე და ბათუმის ვიცე-მერი სტუმრობდნენ. დასაქმების ხელშეწყობის სახელმწიფო სააგენტო დასაქმების ფორუმებს მთელი ქვეყნის მასშტაბით მართავს, 2023 წელს პირველი ფორუმი ზუგდიდში გაიმართა, აჭარის შემდეგ კი, დასაქმების ფორუმს მაისის თვეში სამცხე-ჯავახეთი უმასპინძლებს“,- აღნიშნულია ინფორმაციაში.