საქართველოს პროკურატურის წარმომადგენლებმა ორგანიზებული დანაშაულის შესახებ ცნობიერების ამაღლების მიზნით ფოთისა და ხობის საჯარო სკოლების მოსწავლეებთან საინფორმაციო შეხვედრები გამართეს. ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოს პროკურატურა ავრცელებს.
პროკურორებმა შეხვედრის მონაწილეებთან ორგანიზებული დანაშაულების სპეციფიკაზე, არსებულ კანონმდებლობაზე, აღნიშნული დანაშაულების მიმართ საქართველოს პროკურატურის მკაცრ სისხლის სამართლის პოლიტიკაზე, დანაშაულთან ბრძოლის მიღწევებსა და გამოწვევებზე ისაუბრეს.
უწყების ცნობით, შეხვედრაზე ყურადღება გამახვილა ე.წ. ,,ქურდული სამყაროს" კრიმინალური სუბკულტურის დამარცხებაში საზოგადოების ინფორმირებულობის მნიშვნელოვან როლზე.
„შეხვედრა კითხვა-პასუხის რეჟიმში წარიმართა. შეხვედრის მონაწილეებმა მათთვის საინტერესო საკითხებზე პროკურორებისგან ამომწურავი პასუხები მიიღეს.
საინფორმაციო კამპანია „ორგანიზებული დანაშაულის შესახებ ცნობიერების ამაღლება" მიზნად ისახავს, საზოგადოების ცნობიერების ამაღლებას და ამ კატეგორიის დანაშაულების პრევენციას.
აღსანიშნავია, რომ კამპანიის ფარგლებში შეხვედრები საზოგადოების წარმომადგენლებთან საქართველოს სხვადასხვა რეგიონსა და ქალაქში აქტიურად გაგრძელდება”, - აღნიშნულია პროკურატურის ინფორმაციაში.