საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრმა გიორგი ამილახვარმა სან დიეგოს სახელმწიფო უნივერსიტეტი საქართველოს მიერ ორგანიზებულ რიგით მეორე კერძო და საჯარო ორგანიზაციების „ერთობლივი დასაქმების ფორუმში“ მიიღო მონაწილეობა. მინისტრმა დამსწრე საზოგადოებას სიტყვით მიმართა და სტუდენტების დასაქმების ხელშეწყობის მნიშვნელობაზე გაამახვილა ყურადღება.
როგორც განათლების სამინისტროს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაშია აღნიშნული, ფორუმზე წარმოდგენილი იყვნენ სან დიეგოს სახელმწიფო უნივერსიტეტის პარტნიორი უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებები – თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი და საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტი.
უწყების ცნობით, ღონისძიების მიზანია ერთმანეთს დააკავშიროს დამსაქმებლები და სან დიეგოს სახელმწიფო უნივერსიტეტის და პარტნიორი უნივერსიტეტების საერთაშორისო აკრედიტაციის მქონე პროგრამების წარმატებული სტუდენტები, დასაქმებისა და სტაჟირების მიზნით.
სან დიეგოს სახელმწიფო უნივერსიტეტის პარტნიორი უნივერსიტეტები საქართველოში აქტიურად მუშაობენ საერთაშორისო ABET აკრედიტაციის მოპოვებისთვის. ერთობლივ დასაქმების ფორუმზე წარმოდგენილი იყვნენ სწორედ ABET აკრედიტებული და მაძიებელი პროგრამების სტუდენტები.