მთავრობის ადმინისტრაციასთან აქონდროპლაზიის დიაგნოზის მქონე ბავშვების მშობლებმა და მხარდამჭერებმა აქცია გამართეს.
მშობლების განცხადებით, მათ მოთხოვნებს ამ დრომდე ხელისუფლების წარმომადგენლების მხრიდან გამოხმაურება არ მოჰყოლია.
მშობლები 29 აპრილს, 15:00 საათზე აქციას აანონსებენ.
“იქიდან გამომდინარე, რომ წელიწად-ნახევარია მხოლოდ დაპირებების იმედად ვართ, ამან ჩვენში უნდობლობა გამოიწვია. კომუნიკაციის ისევ ამ რეჟიმში გაგრძელება შეუძლებელია. ჩვენ ვითხოვთ, რომ პრემიერმა მედიკამენტის კონკრეტულ ვადებში შემოტანის დოკუმენტს ხელი მოაწეროს და საბუთი დაგვაჭერინოს ხელში. ეს გონივრული დროც უნდა იყოს მითითებული დოკუმენტში.
ვიდრე ჩვენი მოთხოვნები არ დაკმაყოფილდება, ვაგრძელებთ პროტესტს. თუ ჩვენი მოთხოვნები არ დაკმაყოფილდება, პროტესტი უფრო და უფრო გამწვავდება.
ვაანონსებთ დიდ აქციებს, ეს იქნება შაბათს, 15:00 საათზე. აქციაზე შემოგვიერთდებიან ექიმები, მსახიობები, მომღერლები, მშობლები და მოქალაქეები. არაფერი არ იცვლება, ჩვენი პროტესტი გაგრძელდება.
მთავრობის მხრიდან ჩვენს მოთხოვნებთან დაკავშირებით გამოხმაურება არ ყოფილა, თუმცა ველოდებით პასუხს”, - განაცხადა მაკუნა გოჩიაშვილმა.
შეგახსენებთ, აქციის მონაწილეები სახელმწიფოსგან პრეპარატ "ვოსორიდიტის" ქვეყანაში შემოტანას და დაფინანსებას ითხოვენ. გუშინდელ აქციაზე მშობლებმა იშვიათი დაავადებების საკითხებზე მომუშავე საკოორდინაციო საბჭოს მუშაობაში ჩართვა მოითხოვეს.