აშშ რუსეთის უშიშროების ფედერალურ სამსახურს, ირანის ისლამური რევოლუციის გვარდიის სადაზვერვო ორგანიზაციასა და ირანის ოთხ მოქალაქეს ამერიკელების მძევლად აყვანისთვის ახალ სანქციებს უწესებს.
CNN-ის ცნობით, შეერთებული შტატები რუსეთსა და ირანს მისი მოქალაქეების უკანონო დაკავებაში ადანაშაულებს. საუბარია Wall Street Journal-ის რეპორტიორზე ევან გერშკოვიჩსა და ყოფილ საზღვაო ქვეით პოლ უელანზე, რომლებიც რუსეთში ჯაშუშობის ბრალდებით არიან დაკავებული და ბრალდებას კატეგორიულად უარყოფენ.
აშშ-ის მოქალაქეები სიამაკ ნამაზი, ემად შარგი და მორად ტაჰბაზი კი ირანის ცნობილ ევინის ციხეში იმყოფებიან. ამ ციხეში წამების ფაქტების არსებობის შესახებ ინფორმაცია არაერთხელ გავრცელებულა.
პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა ახალი სანქციები ოფიციალურად გამოაცხადა და რუსეთსა და ირანს აშშ-ის მოქალაქეების გათავისუფლებისკენ მოუწოდა.
„დღეს - და ყოველ დღე - ჩვენი გზავნილი რუსეთის, ირანისა და მსოფლიოს მიმართ, რომლებსაც მძევლად აჰყავთ ან უკანონოდ აკავებენ ამერიკელებს, მიუღებელია. დაუყოვნებლივ გაათავისუფლეთ ისინი“, - განაცხადა ბაიდენმა.