რუსული ძალები ჩერკასის ოლქის ქალაქ უმანს ფრთოსანი რაკეტებით დაესხნენ თავს, რის შედეგადაც, ამ დროისთვის არსებული მონაცემებით, ხუთი ადამიანი დაშავდა, - ინფორმაციას უკრაინული მედია ჩერკასის ოლქის სამხედრო ადმინისტრაციის ხელმძღვანელზე, იგორ ტაბურეცზე დაყრდნობით ავრცელებს.
"დღეს დილით დამპყრობლები თავს დაესხნენ ჩერკასის ოლქს. უმანში ფრთოსანი რაკეტებით ორი დარტყმა განხორციელდა : საცხოვრებელ კორპუსზე და სასაწყობო შენობებზე. შედეგებს ვიკვლევთ. ადგილზე ყველა შესაბამისი სამსახური მუშაობს", - განაცხადა იგორ ტაბურეცმა.
მოგვიანებით ცნობილი გახდა, რომ რაკეტა ცხრასართულიან საცხოვრებელ კორპუსს მოხვდა.
ამასთან, ქალაქ დნეპრის მერის, ბორის ფილატოვის განცხადებით, წუხელ, რუსული ძალების მიერ ქალაქის დაბომბვის შედეგად ახალგაზრდა ქალი და 3 წლის ბავშვი დაიღუპნენ.