რუსული ძალების მიერ განხორციელებული საჰაერო თავდასხმის დროს, უკრაინის საჰაერო თავდაცვის ძალებმა კიევთან ახლოს 11 ფრთოსანი რაკეტა და 2 დრონი ჩამოაგდეს, - ინფორმაციას უკრაინული მედია ავრცელებს.
"წინასწარი მონაცემებით, კიევის საჰაერო სივრცეში განადგურდა 11 ფრთოსანი რაკეტა. გარდა რაკეტებისა, ჩამოაგდეს 2 უპილოტო საფრენი აპარატი (დრონების ტიპი დგინდება)”, - განაცხადა კიევის საქალაქო სამხედრო ადმინისტრაციის ხელმძღვანელმა სერგეი პოპკომ.
მისი თქმით, დედაქალაქის ობოლონსკის რაიონში ნამსხვრევების ჩამოვარდნის შედეგად ელექტროგადამცემი ხაზი და გზის საფარი დაზიანდა.
„მშვიდობიან მოსახლეობაში მსხვერპლი ან საცხოვრებელი ობიექტებისა და ინფრასტუქტურის ნგრევა არ დაფიქსირებულა. ინფორმაცია მოწმდება და ზუსტდება“, - აღნიშნა სერგეი პოპკომ.
შეგახსენებთ, უკრაინის ტერიტორიაზე მასშტაბური საჰაერო განგაში იყო გამოცხადებული. რუსული ძალების მიერ ქალაქ დნეპრის დაბომბვისას ახალგაზრდა ქალი და 3 წლის ბავშვი ემსხვერპლა. ჩერკასის ოლქის ქალაქ უმანში კი რუსული რაკეტა 9-სართულიან საცხოვრებელ კორპუსს მოხვდა, რის შედეგადაც 5 ადამიანი დაშავდა, ისინი საავადმყოფოში გადაიყვანეს.