რუსული ძალების მიერ განხორციელებული სარაკეტო საჰაერო თავდასხმის დროს უკრაინის საჰაერო თავდაცვის ძალებმა Х-101 და Х-101 ტიპის 23 ფრთოსანი რაკეტიდან 21 გაანადგურეს, - ამის შესახებ უკრაინის შეიარაღებული ძალების მთავარსარდალი ვალერი ზალუჟნი Telegram-ზე წერს.
მისი ინფორმაციით, განადგურებულია ორი დრონიც.
„დაახლოებით დილის 04:00 საათზე რუსი ოკუპანტები თავს დაესხნენ უკრაინას „ტუ-95“ ტიპის სტრატეგიული თვითმფრინავიდან. უკრაინის შეიარაღებული ძალების საჰაერო ძალების საზენიტო-სარაკეტო ძალებმა, თავდაცვის ძალების სხვა კომპონენტების საჰაერო თავდაცვასთან თანამშრომლობით, Х-101 და Х-101 ტიპის 23 ფრთოსანი რაკეტიდან 21 გაანადგურეს, განადგურებულია, ასევე, ორი ოპერატიულ-ტაქტიკური უპილოტო საფრენი აპარატი“, - განაცხადა ზალუჟნიმ.
შეგახსენებთ, უკრაინის მთელ ტერიტორიაზე საჰაერო განგაში იყო გამოცხადებული. რუსული ძალების მიერ ქალაქ დნეპრის დაბომბვისას ახალგაზრდა ქალი და 3 წლის ბავშვი ემსხვერპლა. ჩერკასის ოლქის ქალაქ უმანში კი რუსული რაკეტა 9-სართულიან საცხოვრებელ კორპუსს მოხვდა, რის შედეგადაც 5 ადამიანი დაშავდა, ისინი საავადმყოფოში გადაიყვანეს. ცნობილი გახდა, რომ რუსული ძალების მიერ განხორციელებული საჰაერო თავდასხმის დროს, უკრაინის საჰაერო თავდაცვის ძალებმა კიევთან ახლოს 11 ფრთოსანი რაკეტა და 2 დრონი ჩამოაგდეს.