ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილე მარიამ ქვრივიშვილი და ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ხელმძღვანელი მაია ომიაძე არაბთა გაერთიანებული საამიროების ელჩს, აჰმედ ებრაჰიმ აჰმედ ტაჰერ ალ ნიუაიმს შეხვდნენ.
ამის შესახებ ინფორმაციას ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრო ავრცელებს.
მათივე ცნობით, შეხვედრაზე საუბარი ტურიზმისა და სამოქალაქო ავიაციის სფეროებში ორ ქვეყანას შორის თანამშრომლობას შეეხო. როგორც ინფორმაციაშია აღნიშნული, გაერთიანებული საამიროები საქართველოს ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ტურისტული მიმართულებაა, საიდანაც ვიზიტორების რაოდენობა ყოველწლიურად იზრდება.
„2023 წლის პირველი კვარტალში ვიზიტორების ზრდამ, 2019 წელთან შედარებით, 19.8 პროცენტი, ხოლო 2022 წელთან შედარებით 45.8 პროცენტი შეადგინა. შეხვედრაზე ყურადღება გამახვილდა საქართველოსა და საამიროებს შორის პირდაპირი ფრენების დადებით დინამიკაზე, აგრეთვე წარმატებულ ურთიერთობებზე ისეთ სექტორებში, როგორიცაა ინვესტიციები, ორმხრივი ვაჭრობა და სხვა. მხარეებმა სამომავლო თანამშრომლობის პერსპექტივები განიხილეს, რომლებიც ორი ქვეყნის უფრო მეტ დაახლოებას, მათ შორის, ტურიზმისა და ავიაციის სექტორების მიმართულებით ხელს შეუწყობს“, - აღნიშნულია გავრცელებულ ინფორმაციაში.