ვოლოდიმირ ზელენსკი სარაკეტო თავდასხმაზე - ყოველი ბოროტი ქმედება ჩვენი ქვეყნისა და ხალხის წინააღმდეგ ტერორისტულ სახელმწიფოს მარცხთან და დასჯასთან აახლოებს

მტერი უკრაინას კვლავ დაესხა თავს რაკეტებითა და უპილოტო საფრენი აპარატებით. ამ რუსულ ტერორს უკრაინისა და მსოფლიოს სამართლიანი პასუხი უნდა მოჰყვეს და მოჰყვება კიდეც, - ასე გამოეხმაურა უკრაინის პრეზიდენტი, ვოლოდიმირ ზელენსკი რუსული ძალების მიერ უკრაინის წინააღმდეგ დღეს დილით განხორციელებულ სარაკეტო თავდასხმას.

„ტერორისტების სამიზნე მშვიდობიანი მოსახლეობა და სამოქალაქო ობიექტებია. უმანზე სარაკეტო თავდასხმამ 10-მდე საცხოვრებელი კორპუსი დააზიანა. ერთ-ერთი მათგანის მთელი სადარბაზო განადგურდა. ნანგრევების ქვეშ კვლავ რჩებიან ადამიანები. სამწუხაროდ, არის მსხვერპლი, მათ შორის ერთი ბავშვი. დნიპროში ტერორისტების დაბომბვას ბავშვი შეეწირა. ვუსამძიმრებ ყველას, ვინც დაკარგა ახლობლები რუსული ტერორის გამო! მადლობელი ვარ ჩვენი საჰაერო ძალების, ჩვენი საზენიტო მსროლელების, ყველასი, ვინც გვეხმარება მტრის თავდასხმების შედეგების დაძლევაში, ყველასი, ვინც ჩვენს ხალხს იცავს. ამ რუსულ ტერორს უკრაინისა და მსოფლიოს სამართლიანი პასუხი უნდა მოჰყვეს და მოჰყვება კიდეც. ყოველი ასეთი თავდასხმა, ყოველი ბოროტი ქმედება ჩვენი ქვეყნისა და ხალხის წინააღმდეგ ტერორისტულ სახელმწიფოს მარცხთან და დასჯასთან აახლოებს და არა პირიქით, როგორც ფიქრობენ“, - დაწერა ზელენსკიმ “ტვიტერზე“.

მისი თქმით, უკრაინა რუსების მიერ ჩადენილ არცერთ დანაშაულს არ დაივიწყებს და ოკუპანტებს არ მისცემს იმის საშუალებას, რომ პასუხისმგებლობა თავიდან აიცილონ. შეგახსენებთ, რუსული ძალები დღეს დილით უკრაინას რაკეტებითა და დრონებით დაესხნენ თავს. ამ დროისთვის არსებული მონაცემებით, ჩერკასის ოლქის ქალაქ უმანში მინიმუმ 9 ადამიანი დაიღუპა, 17 კი დაშავდა. ამასთან, ქალაქ დნეპრში რუსების თავდასხმას ორი ადამიანი, ახალგაზრდა ქალი და 3 წლის ბავშვი, ემსხვერპლნენ. უკრაინის შეიარაღებული ძალების მთავარსარდლის, ვალერი ზალუჟნის ინფორმაციით, უკრაინის საჰაერო თავდაცვის ძალებმა რუსების მიერ გაშვებული Х-101 და Х-101 ტიპის 23 ფრთოსანი რაკეტიდან 21 გაანადგურეს და ორი დრონი ჩამოაგდეს.

ბუნდესტაგის წევრი რობინ ვაგენერი - ჩვენ არ გვსურს საქართველოს მოსახლეობის დასჯა, თუმცა ცხადად ვაცხადებთ, რომ ამ კურსით არ იქნება ევროკავშირში გაწევრიანება
ქართული პრესის მიმოხილვა 14.10.2024
ვახტანგ ძაბირაძე - თუ  არჩევნების შემდეგ რუსეთს საქართველოში სიტუაციის არევა აწყობს, იგი ამის გაკეთებას შეეცდება, მას ამისთვის სამხედრო ძალის შემოყვანა არ დასჭირდება, აქ მეხუთე კოლონა საკმაოდ ძლიერი ჰყავს
„ბიბლუსში“ გიორგი კეკელიძის წიგნის „დედა და ილია“ საჯარო წარდგენა გაიმართება
Samsung-ის ფესტივალი დაიწყო - განაახლე ტექნიკა საუკეთესო შეთავაზებით
თიბისის გადახდების მართვის ციფრული სივრცე შენი ბიზნესისთვის, რომელიც დროს და რესურსებს დაგიზოგავს
„სილქ დეველოპმენტი“ ბათუმის შუაგულში ახალ პროექტს აანონსებს
„ბანკი ქართუს“ მიერ დაფინანსებული ახალი პროექტი - ბოლნისში თანამედროვე სტანდარტების საავადმყოფო გაიხსნა
კოლიერსის გუნდის შეფასება და ლოპოტა სპა რეზორტის  ახალი ეტაპი