სპეციალურმა საგამოძიებო სამსახურმა საერთაშორისო დონორი ორგანიზაციების წარმომადგენლებთან საკოორდინაციო შეხვედრა გამართა. სპეციალური საგამოძიებო სამსახურის ინფორმაციით, შეხვედრის მონაწილეებს მისასალმებელი სიტყვით სამსახურის უფროსმა კოკა კაციტაძემ და ადამიანის უფლებათა საკითხებში გაეროს ადამიანის უფლებათა უმაღლესი კომისრის უფროსმა მრჩეველმა ვლადიმირ შკოლნიკოვმა მიმართეს.
მათივე ცნობით, შეხვედრის მიზანს სპეციალური საგამოძიებო სამსახურის გაძლიერებისკენ მიმართული მიმდინარე და სამომავლო პროექტების განხილვა და ამ პროცესში საერთაშორისო ორგანიზაციების მაქსიმალური კოორდინაციის უზრუნველყოფა წარმოადგენდა.
„სპეციალური საგამოძიებო სამსახურის უფროსმა კოკა კაციტაძემ საერთაშორისო ორგანიზაციების წარმომადგენლებს გამოჩენილი ნდობისა და მხარდაჭერისთვის მადლობა გადაუხადა, რაც გაფართოებული მანდატის ფარგლებში, სამსახურის საჭიროებების უზრუნველსაყოფად უმნიშვნელოვანესი იყო. კოკა კაციტაძემ შეხვედრის მონაწილეებს 2022 წლის საქმიანობის მოკლე ანგარიში წარუდგინა. მან თავის გამოსვლაში იმ მნიშვნელოვან ორგანიზაციულ და სტრუქტურულ რეფორმებზე ისაუბრა, რომელიც საერთაშორისო ორგანიზაციების ჩართულობით სამსახურის შექმნის დღიდან განხორციელდა. ასევე, შეხვედრაზე, სპეციალური საგამოძიებო სამსახურის უფროსის მოადგილემ ნათია სონღულაშვილმა, წარმოდგენილ პრეზენტაციაში სამსახურის პრიორიტეტული ამოცანები და იდენტიფიცირებული საჭიროებები დეტალურად განიხილა, რაც დონორი ორგანიზაციების წარმომადგენლებს შესაძლებლობას მისცემს ნაყოფიერად დაგეგმონ სამომავლო პროექტები და თანამშრომლობის მიმართულებები. შეხვედრას სპეციალური საგამოძიებო სამსახურის უფროსის პირველი მოადგილე - გიორგი კვარაცხელია, სამსახურის, საქართველოში აკრედიტებული დიპლომატიური კორპუსის, საერთაშორისო ორგანიზაციებისა და პროექტების წარმომადგენლები ესწრებოდნენ. საკოორდინაციო შეხვედრის ჩატარება ევროკავშირის (EU) და გაეროს ადამიანის უფლებათა უმაღლესი კომისრის ოფისის (OHCHR) ფინანსური ხელშეწყობით გახდა შესაძლებელი“, - ნათქვამია გავრცელებულ ინფორმაციაში.