„ქართული ოცნების“ ანტიდასავლური პროპაგანდა დამარცხდა, თუმცა ეს არ ნიშნავს, რომ ვითარება ისე გადატყდა, რომ ეს მავნებლური რეჟიმი ვერ შეძლებს სიტუაციის მანიპულირებას, - ასე შეაფასა „ევროპული საქართველოს“ ლიდერმა, გიგა ბოკერიამ IRI-ის კვლევის შედეგები.
როგორც მან ჟურნალისტებს განუცხადა, ოპოზიციურმა პარტიებმა ხელისუფლების მიმართ ნეგატიური განწყობა საკუთარ მხარდაჭერაში უნდა ასახონ.
"აქ არის ყველა პოლიტიკური ძალის აშკარა გამოწვევა. "ნაციონალური მოძრაობის" გარდა, ყველა დანარჩენი არის სადღაც 1% - 3%-ს შორის. ეს ნიშნავს, რომ ბევრი სამუშაო გვაქვს ჩვენი მოქალაქეების დარწმუნების საქმეში, რომ ისინი მოვიდნენ არჩევნებზე და დაუჭირონ მხარი იმ პოლიტიკურ ძალას, რომელიც მათ ღირებულებებთან ახლოს არის. ავტორიტარული რეჟიმების დასამარცხებლად აუცილებელია დიდი უპირატესობის მოპოვება ხელისუფლების წინააღმდეგ", - განაცხადა ბოკერიამ.
რაც შეეხება პოლიტიკური ძალების გაერთიანებას, ბოკერიას განმარტებით, ოპოზიციამ ის მაგალითები უნდა გაითვალისწინოს, რაც ევროპაში იყო.
"მაგალითად, უნგრეთში გაერთიანდა ოპოზიცია ურთიერთგამომრიცხავი ძალებით და წინააღმდეგობის შედეგად, ხმები დაკარგეს, კი არ მოიპოვეს. ამიტომ, გაერთიანებები პრაგმატულიც უნდა იყოს იმიტომ, რომ ბარიერის საკითხია. ოღონდ ყოველთვის მნიშვნელოვანია იყოს ფასეულობებით ახლოს მყოფი პოლიტიკური ჯგუფების და ამომრჩევლისთვის გასაგები იყოს, რატომ
ერთიანდება. თუ მექანიკურად ერთ ყულაბაში ყველაფერი ჩაყარე, ივანიშვილის პროპაგანდას მივცემთ შესაძლებლობას, ამომრჩევლის დემოტივაცია მოახდინოს", - განაცხადა ბოკერიამ.