სიტყვიერად ის ყოველთვის აპროტესტებდა უკანონო ბრალდებებს და მტკიცებულებების გაყალბებას მის მიმართ, მაგრამ დღეს პროტესტის საკმაოდ მძიმე ზომას მიმართა, რაც ჩემთვისაც ძალიან მოულოდნელი იყო, - ამის შესახებ პატიმარ კონსტანტინე ცომაიას ადვოკატმა ტარიელ კაკაბაძემ განაცხადა.
მისი თქმით, კონსტანტინე ცომაია უდანაშაულოა.
„როდესაც მე ვიცავდი მის ინტერესებს წინა საქმეში, წინა საქმე ეხებოდა ცეცხლსასროლი იარაღის უკანონო შეძენა-შენახვა-ტარებას. სინამდვილეში კი არანაირი იარაღი არ ჰქონია, მას ჩაუდეს იარაღი და დააკავეს უკანონოდ. სასამართლოში ნათლად დადასტურდა, რომ იარაღი იყო ჩადებული და მას არანაირი იარაღი არ ჰქონია, მოწმეების ჩვენებები იყო აბსოლუტურად აბსურდული და ურთიერთსაწინააღმდეგო და სასამართლო პროცესზე გამოჩნდა, რომ პოლიციელები ცრუობდნენ, მათ შეადგინეს ყალბი ოქმები, არასწორი ინფორმაცია მიუთითეს და დააკავეს უდანაშაულო ადამიანი. სასამართლომ კონსტანტინე ცომაია გაამართლა. ამის შემდეგ მას ჰქონდა მოლოდინი, რომ კიდევ სურდათ მისი დაკავება და დააბრალეს თითქოს მან ჩაიდინა ყაჩაღობა. სინამდვილეში ყაჩაღობასთან დაკავშირებით საქმე ეფუძნება ე.წ. დაზარალებულთა ჩვენებებს, რომელიც ერთმანეთისგან დაკოპირებულია და შესაბამისად, არანაირ ობიექტურ გამოძიებასთან არ გვაქვს კავშირი. კონსტანტინე ცომაიას ჰქონდა პროტესტი აღნიშნულთან დაკავშირებით. სიტყვიერად ის ყოველთვის აპროტესტებდა უკანონო ბრალდებებს და მტკიცებულებების გაყალბებას მის მიმართ, მაგრამ დღეს პროტესტის საკმაოდ მძიმე ზომას მიმართა, რაც ჩემთვისაც ძალიან მოულოდნელი იყო“, - განაცხადა ადვოკატმა.
ცნობისთვის, გლდანის მერვე პენიტენციური დაწესებულების პატიმარმა კონსტანტინე ცომაიამ საქალაქო სასამართლოში მიყვანის დროს ყელის არეში თვითდაზიანება მიიყენა და ის „ვივამედის“ კლინიკაში გადაიყვანეს.