ვიცე-პრემიერმა, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა ლევან დავითაშვილმა სამშენებლო და სარემონტო მასალების ერთ-ერთი ყველაზე დიდი მწარმოებლის, კომპანია „ნოვას“ ახალი საწარმოს გახსნაში მიიღო მონაწილეობა. ამის შესახებ ინფორმაციას ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრო ავრცელებს.
მათივე ცნობით, თბილისსა და ბათუმში კომპანიამ სამი ახალი საწარმოო მიმართულება, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს სააგენტო „აწარმოე საქართველოში“ მხარდაჭერით, საკუთარ პორტფელში დაამატა. შედეგად, „ნოვა“ ამიერკავკასიაში პირველი კომპანია იქნება, რომელიც XPS-ის წარმოებას დაიწყებს. ინფორმაციის თანახმად, აღნიშნული პროდუქცია ფასადის, საძირკვლებისა და ჭერის დათბუნებისთვის გამოიყენება. გარდა ამისა, კომპანია ქართული წარმოების 4 დასახელების წებო-ცემენტსა და ბეტეკის წებო-ცემენტს, ასევე შავი მეტალის ოთხკუთხა და მრგვალ მილებს შესთავაზებს მომხმარებელს.
„ახალი საწარმოო ხაზების ამოქმედების მიზნით კომპანიამ ჯამში 20 მილიონ ლარზე მეტის ინვესტიცია განახორციელა და დამატებით 80 ადამიანი დაასაქმა. ჯამურად, „ნოვა“ საქართველოს მასშტაბით 1000-ზე მეტ ადამიანს ასაქმებს”, - აღნიშნულია ინფორმაციაში.
ლევან დავითაშვილის განცხადებით, კომპანია „ნოვამ“ სააგენტოს „აწარმოე საქართველოში“ სხვადასხვა პროგრამებით პირველად წლების წინ ისარგებლა და დღეს სახეზეა მაღალტექნოლოგიური საწარმო, რომელიც მნიშვნელოვან წვლილს შეიტანს სამშენებლო სექტორში თვითუზრუნველყოფის ამაღლების კუთხით.
„აწარმოე საქართველოში“ პროგრამის მხარდაჭერის შედეგად, კომპანია ისეთი პროდუქციის წარმოებას იწყებს, რომელიც ჩვენი ქვეყნის სამშენებლო სექტორის აქტიურად განვითარებაში უდიდეს წვლილს შეიტანს. აქამდე, ძირითადად, იმპორტირებული პროდუქცია გამოიყენებოდა, ახლა კი „აწარმოე საქართველოში“ დახმარებით, გაჩნდა შესაძლებლობა, გვქონდეს ადგილობრივი წარმოება და ეს არა მხოლოდ საქართველოს ბაზარს მოხმარდეს. კომპანიას ეძლევა საშუალება, გავიდეს ექსპორტზე, მათ შორის ევროკავშირის ბაზარზე. ასევე უნდა აღინიშნოს დიაგონალური კუმულაციის შეთანხმება, რომელიც ევროკავშირთან გვაქვს თავისუფალი ვაჭრობის კუთხით. მოგეხსნებათ, დიაგონალური კუმულაციის შეთანხმება გვაძლევს საშუალებას, საქართველოსა და თურქეთში წარმოებული ნედლეული ქართულ ან თურქულ პროდუქციაში გამოვიყენოთ და ეს პროდუქცია ევროპულ ბაზარზე კვოტების, ბარიერებისა და ტარიფების გარეშე, თავისუფალ რეჟიმში ივაჭრებოდეს. „აწარმოე საქართველოში“ პროგრამების მეშვეობით ჩვენ მსგავსი მნიშვნელოვანი წარმოებებისა და საწარმოების მხარდაჭერას გავაგრძელებთ, რათა ქართული სამრეწველო სექტორი, მათ შორის სამშენებლო მასალების მწარმოებელი სექტორი კიდევ უფრო კონკურენტუნარიანი გახდეს“, - აღნიშნა ლევან დავითაშვილმა.