სასტუმრო „ქორთიარდ მარიოტში" წარმომადგენლობითი საერთაშორისო კონფერენცია „თანამშრომლობა კრიზისის დროს ბუნებრივი და კულტურული მემკვიდრეობის დასაცავად“ გაიმართა

სასტუმრო „ქორთიარდ მარიოტში" წარმომადგენლობითი საერთაშორისო კონფერენცია „თანამშრომლობა კრიზისის დროს ბუნებრივი და კულტურული მემკვიდრეობის დასაცავად“ გაიმართა.

კონფერენციის ორგანიზატორები იყვნენ: „საქართველოს ბუნებრივი და კულტურული მემკვიდრეობის შესწავლისა და პოპულარიზაციის ცენტრი“, ვიქტორია და ალბერტის მუზეუმის კრიზისის დროს კულტურული მემკვიდრეობის დაცვის პროგრამა, ბერლინის სახელმწიფო მუზეუმების რატგენის კვლევით ლაბორატორია (პრუსიის კულტურული მემკვიდრეობის ფონდი) და საქართველოს ეროვნული მუზეუმი.

როგორც კონფერენციის დასრულების შემდეგ, აკადემიკოსმა, დავით ლორთქიფანიძემ განმარტა, კონფერენციაზე განიხილეს კულტურული მემკვიდრეობის კრიზისებთან დაკავშირებული საკითხები. ამასთან, აღნიშნა, რომ საქართველო ერთხმად არის აღიარებული ცენტრად, სადაც 21-ე საუკუნის კულტურული მემკვიდრეობის მართვის სტრატეგია იქმნება.

"ჩვენ განვიხილეთ ის თემები, რომელიც დაკავშირებულია კულტურული მემკვიდრეობის კრიზისებთან. რა თქმა უნდა, ამას პირველ რიგში იწვევს ომები, ასევე ბუნებრივი კატასტროფები, ამასთან კრიზისის მიზეზი შესაძლოა იყოს არასწორი მართვაც. ჩვენი ამოცანა არ გახლავთ წუწუნი, ჩვენი ამოცანაა გავიხედოთ მომავლისკენ. საქართველო ერთხმად არის აღიარებული ცენტრად, სადაც იქმნება 21-ე საუკუნის კულტურული მემკვიდრეობის მართვის სტრატეგია. ამ კონფერენციას მხარს უჭერს როგორც ამერიკის, ისე ინგლისის და გერმანიის სახელმწიფო ინსტიტუციები. ვცდილობთ, ამ კონფერენციის თემები გაგრძელდეს, იქმნება სხვადასხვა ქვეყნიდან პროფესიონალების ახალი ქსელი, რომელიც ერთმანეთთან დაკავშირებულია პირველ რიგში იმისთვის, რომ მემკვიდრეობა პრიორიტეტული იყოს. საქართველოს ბუნებრივი და კულტურული მემკვიდრეობა წარმოადგენს მსოფლიო საგანძურს",- აღნიშნა ლორთქიფანიძემ.

კონფერენციის თემებს წარმოადგენდა: თანამშრომლობის მნიშვნელობა და მისი ალტერნატიული საშუალებები; მუზეუმებისა და მემკვიდრეობის სფეროს ორგანიზაციები; პროფესიული და სამოქალაქო როლი კრიზის პრევენციაში, კრიზისის დროს და პოსტ-კრიზისულ პერიოდში;

ამასთან კონფერენციაზე აღინიშნა, რომ ორგანიზატორების მიზანია შეიქმნას საერთაშორისო ქსელი, რომელშიც გაერთიანდებიან სხვადასხვა კომპეტენციის სპეციალისტები და საჭიროების შემთხვევაში მოახდენენ სწრაფ და ეფექტურ რეაგირებას. კონფერენციის დასკვნით სესიაზე მსჯელობა გაიმართა საქართველოში უძრავი და მოძრავი ძეგლების წინაშე არსებული საფრთხეებისა და გამოწვევების შესახებ. ღონისძიებაში მონაწილეობის მისაღებად სხვადასხვა კუთხიდან 30 უცხოელი ექსპერტი იყო მოწვეული.

ალექსანდრე თვალჭრელიძე - თუ პრემიერი ფიქრობს, რომ რუსეთთან ეკონომიკური ურთიერთობების შენელება ცუდია საქართველოსთვის, იგი ცდება
ქართული პრესის მიმოხილვა 29.05.2023
სტეპან გრიგორიანი - თუ აზერბაიჯან-სომხეთს შორის ურთიერთობები დალაგდა, ევროპასთან ჩინეთის დამაკავშირებელი რკინიგზის პროექტში სომხეთი იქნება გათვალისწინებული, მანამდე კი ამ თემაზე საუბარი შეუძლებელია
PSP გილოცავთ საქართველოს დამოუკიდებლობის დღეს
„იდეა დეველოპმენტი“ კიდევ ერთი პროექტის სამშენებლო სამუშაოების დასრულებას აანონსებს