შვედეთის სამეფოში ვიზიტის ფარგლებში, საქართველოს პარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარე, ნიკოლოზ სამხარაძე შვედეთის მშვიდობის, უსაფრთხოების და განვითარების სააგენტოს - ფოლკე ბერნადოტის აკადემიის დირექტორს, პერ ოლსონ ფრიდს შეხვდა.
პარლამენტის პრესსამსახურის ინფორმაციით, მხარეებმა განიხილეს უსაფრთხოების საკითხები, ჟენევის საერთაშორისო მოლაპარაკებების მიმდინარეობა და ამ მიმართულებით, ქართული მხარის მოლოდინი.
უწყების ცნობით, შეხვედრისას, ისაუბრეს ევროკავშირის მონიტორინგის მისიაზე, მის დადებით მხარეებსა და გამოწვევებზე, აგრეთვე, იმ პროექტებზე, რომელსაც ბერნადოტის აკადემია ახორციელებს საქართველოსთან თანამშრომლობით.
„შეხვედრაზე, ძირითადად, განვიხილეთ ჟენევის საერთაშორისო მოლაპარაკებებისა და ევროკავშირის მონიტორინგის მისიის მნიშვნელობა, მოლოდინები და გამოწვევები. საუბარი შეეხო სომხეთ-აზერბაიჯანის საზღვარზე ევროკავშირის მონიტორინგის მისიის განლაგების საკითხსაც“, - განაცხადა ნიკოლოზ სამხარაძემ.
საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარის თქმით, შვედეთს მნიშვნელოვანი წარმომადგენლობა ჰყავს როგორც საქართველოში, ასევე მთლიანად სამხრეთ კავკასიაში მოქმედ ევროკავშირის მისიებში და მათ სწორედ ბერნადოტის აკადემია ამზადებს.
პარლამენტის ინფორმაციითვე, შეხვედრაზე განხილვის ერთ-ერთ მნიშვნელოვან საკითხს წარმოადგენდა შავი ზღვის რეგიონის უსაფრთხოებისა და საქართველოს თავდაცვისუნარიანობის კუთხით არსებული გამოწვევები. შეხვედრაში ასევე მონაწილეობდა შვედეთის სამეფოში საქართველოს ელჩი, ირაკლი ხუცურაული.