განათლებისა და მეცნიერების კომიტეტმა დასაქმების პოლიტიკის დაგეგმვისა და განხორციელების 2022 წლის ანგარიში მოისმინა. ამის შესახებ ინფორმაციას პარლამენტის პრესსამსახური ავრცელებს.
მათივე ცნობით, დასაქმების ხელშეწყობის სახელმწიფო სააგენტოს საქმიანობაზე ისაუბრა საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის მოადგილემ, თამარ ბარკალაიამ კომიტეტის სხდომაზე.
მომხსენებლის ინფორმაციით, დასაქმების სააგენტო 2020 წლის 1-ელი იანვრიდან ფუნქციონირებს და შრომის ბაზრის პოლიტიკას საქართველოს მასშტაბით აწარმოებს. მისივე განცხადებით, ახალგაზრდები, ქალები, შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირები და სოციალურად დაუცველი მოქალაქეები სააგენტოს პრიორიტეტულ ჯგუფებს წარმოადგენენ.
როგორც მომხსენებელმა აღნიშნა, 2022 წელი სააგენტოსთვის აქტიური იყო, როგორც ორგანიზაციული განვითარების, ასევე, სერვისების მრავალფეროვნების გაზრდის მიმართულებით.
თამარ ბარკალაიამ საქართველოს მოქალაქეებისათვის დასაქმების ხელშეწყობის სახელმწიფო პროგრამებზე გაამახვილა ყურადღება. მისი თქმით, სააგენტოს არსებობის პირველი ორი წელი პანდემიის პერიოდს დაემთხვა.
„პანდემიის შედეგად უმუშევრად დარჩენილი მოქალაქეების მხარდაჭერის და უმუშევრობის კომპენსაციის გაცემის ვალდებულება დასაქმების სააგენტოს მიერ შესრულდა“, - აღნიშნა მომხსენებელმა.
თამარ ბარკალაიას თქმით, 2022 წელს სააგენტომ 70 ტერიტორიულ ერთეულში დაიწყო ოპერირება. დასაქმდა 12 000 და კონსულტირება გაეწია 80 000 მოქალაქეს. მომხსენებელმა ასევე აღნიშნა, რომ განახლდა სამუშაოს მაძიებელთა პროფილირების მეთოდოლოგია და შესაბამისობაში მოვიდა საერთაშორისო სტანდარტებთან.
მომხსენებლის განმარტებით, წარმატებით ხორციელდება სეზონური დასაქმების პროგრამა და გერმანიაში სეზონური დასაქმების მექანიზმით 1500- მდე მოქალაქემ ისარგებლა.
„დეკემბერში 18 მოქალაქე წავიდა ისრაელში გერიატრიული მზრუნველის პოზიციაზე. ჩვენ ვაგრძელებთ სხვა ქვეყნებთან მოლაპარაკებებს იმისათვის, რომ ლეგალური დასაქმების ალტერნატივა სხვა ქვეყნებში შევთავაზოთ ჩვენს მოქალაქეებს“, - აღნიშნა თამარ ბარკალაიამ.
წარმოდგენილი ანგარიში კომიტეტმა ცნობად მიიღო.