შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში საქართველოს სახელმწიფო მინისტრმა თეა ახვლედიანმა საქართველოში ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის საგანგებო და სრულუფლებიან ელჩთან, ჭოუ ციენთან გაცნობითი შეხვედრა გამართა. მხარეებმა ხაზი გაუსვეს საქართველოსა და ჩინეთის სახალხო რესპუბლიკას შორის წარმატებულ თანამშრომლობას სავაჭრო-ეკონომიკურ სფეროში. ამის შესახებ ინფორმაციას შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორების საკითხებში საქართველოს სახელმწიფო მინისტრის აპარატი ავრცელებს.
უწყების ცნობით, თეა ახვლედიანმა უცხოელ დიპლომატს გააცნო სახელმწიფო მინისტრის აპარატის კომპეტენცია, მიზნები და ამოცანები, რომლებიც მოიცავს ორ მიმართულებას - ოკუპირებული რეგიონების მიმართ შერიგებისა და ჩართულობის და ეთნიკური უმცირესობების მიმართ სამოქალაქო თანასწორობისა და ინტეგრაციის პოლიტიკის განხორციელების კოორდინაციას.
„სახელმწიფო მინისტრმა მიმოიხილა საქართველოს მთავრობის კონფლიქტის მშვიდობიანი პოლიტიკის ცალკეული განზომილებები და აღნიშნული პოლიტიკის განხორციელებაში ჩართული სახელმწიფო უწყებების როლი. განსაკუთრებული ყურადღება გამახვილდა საქართველოს ოკუპირებულ რეგიონებში უსაფრთხოების, ჰუმანიტარული და ადამიანის უფლებათა კუთხით არსებულ ვითარებაზე, საოკუპაციო ხაზის გასწვრივ მავთულხლართებისა და სხვა ხელოვნური ბარიერების აღმართვის უკანონო პროცესზე, თავისუფალ გადაადგილებაზე დაწესებულ შეზღუდვებზე, უკანონო დაკავებების, მშობლიურ ენაზე განათლების მიღების აკრძალვისა და ადგილობრივი მოსახლეობის სხვა ფუნდამენტური უფლებების უხეში დარღვევის ფაქტებზე. ასევე, სახელმწიფო მინისტრმა ხაზგასმით აღნიშნა, რომ მიმდინარე ოკუპაციის შედეგების გათვალისწინებით, იძულებით გადაადგილებულ პირებს და ლტოლვილებს ამ დრომდე არ ეძლევათ საკუთარ სახლებში უსაფრთხო და ღირსეული დაბრუნების უფლება.
თეა ახვლედიანმა ისაუბრა შერიგებისა და ჩართულობის პოლიტიკის, მათ შორის სამშვიდობო ინიციატივის „ნაბიჯი უკეთესი მომავლისკენ“ განხორციელების პროცესზე, რაც ადგილზე არსებული მძიმე ჰუმანიტარული და უფლებრივი ვითარების პირობებში კონფლიქტის შედეგად დაზარალებული მოსახლეობის სოციალურ-ეკონომიკური მდგომარეობის გაუმჯობესებას, ასევე ხელოვნურად გაყოფილ საზოგადოებას შორის საერთო ინტერესებზე დაფუძნებული დიალოგისა და ნდობის აღდგენის გაღრმავებას ემსახურება.
თავის მხრივ, ელჩმა დაადასტურა ჩინეთის მტკიცე პოზიცია საერთაშორისოდ აღიარებულ საზღვრებში საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის მიმართ.
მხარეებმა შემდგომი თანამშრომლობისთვის მზადყოფნა გამოთქვეს”, - ნათქვამია ინფორმაციაში.