ევროკომისიამ უკრაინიდან აგროპროდუქციის იმპორტზე კომპრომისს მიაღწია, შეიზღუდება 4 სახეობის საქონლის შემოტანა, - ინფორმაციას ამის შესახებ ევროკომისიის ვიცე-პრეზიდენტი ვალდის დომბროვსკისი ავრცელებს.
„მოხარული ვარ განვაცხადო, რომ ევროკავშირში უკრაინული აგროპროდუქციის იმპორტთან დაკავშირებით პოლიტიკურ გადაწყვეტილებას მივაღწიეთ. უკრაინასთან და მის 5 მეზობელ, ევროკავშირის წევრ ქვეყანასთან შევთანხმდით როგორ დავარეგულიროთ ვითარება,” - განაცხადა დომბროვსკისმა.
მისი თქმით, ევროკომისია “განსაკუთრებული თავდაცვითი ზომების” წინადადებით გამოვიდა, რაც იმპორტის აკრძალვას გულისხმობს 4 სახეობის პროდუქციაზე: ხორბალზე, სიმინდზე, რაფსსა და მზესუმზირის თესლებზე. აკრძალვა მზესუმზირის ზეთს არ შეეხება.
ევროკავშირი ასევე 100 მილიონი ევროს ოდენობის კომპენსაციას გამოყოფს 5 წევრი სახელმწიფოს დაზარალებული ფერმერებისთვის, კერძოდ პოლონეთში, უნგრეთში, ბულგარეთში, რუმინეთსა და სლოვაკეთში. ამის სანაცვლოდ აღნიშნული ქვეყნების უკრაინული პროდუქციის იმპორტზე ცალმხრივ შეზღუდვებს მოხსნიან.