პროფკავშირების გაერთიანების ორგანიზებით, Labourstart-ისა და პროფკავშირების საერთაშორისო გლობალური სოლიდარობის სამდღიანი კონფერენცია - „პროფკავშირული ინტერნაციონალიზმი დღეს“ მიმდინარეობს.
პროფკავშირების მიერ გავრცელებული ინფორმაციით, მასში 70-მდე ქვეყნის პროფკავშირის ლიდერები და წევრები მონაწილეობენ.
„კონფEრენცია თემატურად მოიცავს სესიებს, სემინარებსა და ვორქშოფებს. მოწვეული უცხოელი სტუმრების ჩართულობით, პოსტკრიზისული და ომის შემდგომი მომავლის განხილვა ხდება. მსოფლიოს პროფკავშირელი ლიდერები საკუთარ ხედვებსა და გამოცდილებებზე საუბრობენ. 300-კაციანი კონფერენცია პროფკავშირების გაერთიანების თავმჯდომარემ, ირაკლი პეტრიაშვილმა გახსნა. მან იმ მიღწეულ შედეგებსა და გამოწვევებზე ისაუბრა, რომელიც დასაქმებულ ადამიანებსა და პროფკავშირებს აქვთ მსოფლიოს მასშტაბით. სიტყვით გამოვიდნენ: Labourstart-ის დამფუძნებელი ერიკ ლი და პროფკავშირელი ლიდერები სხვადასხვა ქვეყნიდან, მათ შორის, საქართველოდან. Labourstart-ის დამფუძნებელს, ერიკ ლის საქართველოზე ორი წიგნი აქვს დაწერილი, მათ შორის ერთი, საქართველოს დამოუკიდებლობის ისტორიაზე. Labourstart-ი დასაქმებულთა მოძრაობის სოლიდარობის, ახალი ამბებისა და კამპანიების მუდმივმოქმედი ონლაინ პლატფორმაა. პლატფორმა ეხმარება პროფკავშირებისა და სოციალური მოძრაობის აქტივისტების ფართო ქსელს, რათა დაიცვან მშრომელთა უფლებები და მხარი დაუჭირონ მშრომელთა ბრძოლას საერთაშორისო სოლიდარობის საშუალებით. აღნიშნული კონფერენცია სწორედ მოძრაობის გაძლიერებას ემსახურება. მსგავსი ტიპის სოლიდარობის კონფერენციები: ლონდონში, ვაშინგტონში, ჰამილტონში (ონტარიო), სტამბულში, სიდნეიში, ბერლინსა და ტორონტოში უკვე ჩატარდა და დიდი გამოხმაურება ჰქონდა“, - აღნიშნულია გავრცელებულ ინფორმაციაში.