ამ ბავშვებს აქვთ ხარისხიანი ჯანდაცვის უფლება. ისინი არიან საქართველოს მოქალაქეები, - ამის შესახებ „ლელოს“ წევრმა ლანა გალდავამ მთავრობის კანცელარიასთან განაცხადა, სადაც აქონდროპლაზიის დიაგნოზის მქონე ბავშვების მშობლების მორიგი აქცია რამდენიმე დღეა უწყვეტ რეჟიმში მიმდინარეობს.
ოპოზიციონერი პოლიტიკოსის თქმით, სახელმწიფო პასუხისმგებელია ამ ბავშვების სიცოცხლის დაცვაზე.
ამასთან, როგორც გალდავამ აღნიშნა, სრული პასუხისმგებლობა ხელისუფლებას ეკისრება, რომ რაც შეიძლება სწრაფად შემოიტანონ პრეპარატი.
„დღეს აქ მოვედი იმისთვის, რომ რაც შეიძლება სწრაფად მიიღოს სახელმწიფომ გადაწყვეტილება და დააანონსოს ის თარიღი, როდის შეძლებს რომ საქართველოში შემოიტანოს პრეპარატი, რომელიც არის ერთადერთი ამ ბავშვების სამკურნალოდ. ის არ არის მხოლოდ სიმაღლეში ზრდის პრეპარატი, ეს არის მათი ტკივილებისგან განმათავისუფლებელი პრეპარატი“, - აღნიშნა გალდავამ.