საერთაშორისო სივრცითი ფორუმი დასრულდა. ამის შესახებ ინფორმაციას ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს სსიპ „სივრცითი და ქალაქთმშენებლობითი განვითარების სააგენტო“ ავრცელებს.
მათივე ცნობით, ექსპერტებმა საქართველოს სივრცის დაგეგმარების გეგმის ტექნიკურ დავალებაზე დასკვნები და რეკომენდაციები წარმოადგინეს.
„მასალა ქართველმა და უცხოელმა ექსპერტებმა საკვლევი არეალების გაცნობის და ექვს თემატურ ჯგუფში მუშაობის შედეგად მოამზადეს. სივრცით ფორუმში 60-მდე ქართველი და უცხოელი ექსპერტი მონაწილეობდა. სამუშაო ფორმატის ფარგლებში, ექსპერტებმა ტერიტორიებზე არსებული გამოწვევები, პრობლემები და განვითარების პერსპექტივები განიხილეს. ასევე, საერთაშორისო გამოცდილების და საუკეთესო პრაქტიკის მაგალითებზე დაყრდნობით შემუშავდა დაგეგმვის მთავარი პრინციპები. სივრცითი ფორუმი საქართველოში წელს პირველად ჩატარდა. ფორუმი 25 აპრილს გაიხსნა და 4 დღეს გაგრძელდა“, - ნათქვამია გავრცელებულ ინფორმაციაში.