თბილისის საკრებულოს სახელდებისა და სიმბოლიკის კომისიის ინიციატივით და საკრებულოს გადაწყვეტილებით, თბილისში, ისნის რაიონში, არქიტექტორ გიგა ბათიაშვილის სახელობის ქუჩა გაიხსნა.
ამის შესახებ ინფორმაციას თბილისის საკრებულო ავრცელებს.
მათივე ცნობით, გახსნის ცერემონიალს დედაქალაქის საკრებულოს წევრები, ხელოვნების სფეროს წარმომადგენლები, გიგა ბათიაშვილის ოჯახის წევრები და მეგობრები დაესწრნენ.
საკრებულოს მიერ გავრცელებული ინფორმაციით, ღონისძიებაზე მოწვეულ სტუმრებს სიტყვით თბილისის საკრებულოს თავმჯდომარემ, გიორგი ტყემალაძემ, სახელდებისა და სიმბოლიკის კომისიის თავმჯდომარემ, ნინო ვარდოსანიძემ, აგრეთვე გიგა ბათიაშვილის ოჯახის წევრებმა და მეგობრებმა მიმართეს.
როგორც გიორგი ტყემალაძემ ღონისძიებაზე განაცხადა, თბილისისთვის გიგა ბათიაშვილის ღვაწლი ფასდაუდებელია და ქუჩაც სიმბოლურად შეარჩიეს.
„დღეიდან ჩვენს ქალაქში არის გიგა ბათიაშვილის სახელობის ქუჩა. მის შემოქმედებაში თბილისის სიყვარული ცხადად არის გამოვლენილი. მადლიერები ვართ, რომ მისი დამსახურებით, ჩვენს ქალაქს არაერთი ურბანული კუთხით გამორჩეული არქიტექტურული შედევრი ამშვენებს. დიდი პატივია ჩვენთვის ამ გადაწყვეტილებაში მონაწილეობის მიღება. ვალდებულები ვართ მისი სახელი ჩვენს მომავალ თაობებს შემოვუნახოთ, რათა იცოდნენ, რომ მისი შემოქმედება ჩვენს ქალაქს ნამდვილად ალამაზებს“, - განაცხადა გიორგი ტყემალაძემ.
თბილისის საკრებულოს სახელდებისა და სიმბოლიკის კომისიის თავმჯდომარემ, ნინო ვარდოსანიძემ, აღნიშნა, რომ სახელმწიფო ცერემონიების სასახლის პროექტის ავტორი გიგა ბათიაშვილია, შესაბამისად, მის მიმდებარე ტერიტორიაზე ქუჩაც სიმბოლურად შეირჩა მისი სახელის მინიჭებისთვის.
„დღეს თბილისის საპატიო მოქალაქის, არქიტექტორ გიგა ბათიაშვილის სახელობის ქუჩა თბილისის ძველ უბანში გავხსენით. საკრებულოს აქვს შესაძლებლობა, სახელმწიფო და საზოგადო მოღვაწეების სახელი იყოს დაფასებული და ქუჩების სახელდების საშუალებითაც უკვდავყოს მათი სახელები. მათ შორის არის გიგა ბათიაშვილი. ის იყო თბილისის საპატიო მოქალაქე, ეს წოდება მას ყველაზე დიდ ჯილდოდ მიაჩნდა. მისი ღვაწლი ჩვენი ქალაქის განვითარებაში ფასდაუდებელია. არქიტექტორ გიგა ბათიაშვილის შემოქმედება ქალაქის მოსახლეობისა და მისი სტუმრების თვალწინ ყოველდღიურად ცოცხლდება“, - აღნიშნა ნინო ვარდოსანიძემ.
საკრებულოს ინფორმაციით, ღონისძიების დასასრულს გიგა ბათიაშვილის ოჯახის წევრებმა და მეგობრებმა მისი სახელობის ქუჩაზე სიმბოლურად მისამართის აბრები დაამონტაჟეს.