გიორგი სიორიძე - უბნის შიგნით ჩვენ გვქონდა მართლაც რევოლუციური ცვლილებები, უბნების გარეთ კი შეინიშნებოდა შეკრებები, შესაძლებელია ეს ყოფილიყო ადმინისტრაციული რესურსის გამოყენება

ორ ნაწილად გავყოფ არჩევნებს, უბნის შიგნით ჩვენ გვქონდა მართლაც რევოლუციური ცვლილებები, მეორე მხრივ, შეინიშნებოდა შეკრებები უბნის გარეთ, შესაძლებელია ეს ყოფილიყო ადმინისტრაციული რესურსის გამოყენება, - ასე შეაფასა ცენტრალური საარჩევნო კომისიის თავმჯდომარის ოპოზიციონერმა მოადგილემ, „ლელოს“ წარმომადგენელმა გიორგი სიორიძემ 26-ე მაჟორიტარულ ოლქში ჩატარებული შუალედური არჩევნები.

როგორც სიორიძემ აღნიშნა, ტექნოლოგიები ქართული არჩევნების ხვალინდელი დღეა.

„მთელი დღის განმავლობაში ვაკვირდებოდი პროცესს, ბევრ უბანზე ვიყავი და ზოგადად მე ორ ნაწილად გავყოფ არჩევნებს, რომელიც მთლიანი პროცესის შემადგენელი ნაწილია. ერთი არის ის, რაც ხდება უბნის შიგნით, მეორე არის ის, რაც ხდება უბნის მიმდებარედ. უბნის შიგნით ჩვენ გვქონდა, მართლაც რევოლუციური ცვლილებები, რომელიც განვახორციელეთ, ეს არის ტექნოლოგიების გამოცდა. ბუნებრივია, ტექნოლოგიების პირველად დანერგვას, ცალკეული ხარვეზები შეიძლება ჰქონდეს და ასეთი გამოვლინებაც იყო რამდენიმე უბანზე, თუმცა ჩემდა სასიხარულოდ, არცერთი ხარვეზი არ არის ისეთი, რომელიც არ არის გამოსწორებადი, რაც მე მაძლევს იმის იმედს, რომ 2024 წლის საპარლამენტო არჩევნებისთვის, ეს არჩევნები იყო მნიშვნელოვანი რეპეტიცია. მეორე მხრივ, რა თქმა უნდა, არის ცალკეული შემთხვევები, რომელიც ხდება უბნის გარეთ, რომელიც მე ასევე შევნიშნე. თქვენ იცით, რომ არცერთი საპარლამენტო ოპოზიციური პარტია არ იღებდა მონაწილეობას ამ არჩევნებში, მიუხედავად ამისა შეინიშნებოდა შეკრებები უბნის გარეთ. მე თვითონ მესმოდა უშუალოდ, შეიძლება ვერ მცნობდნენ ეს ადამიანები, იყო მობილიზება, სავარაუდოდ, შესაძლებელია ეს ყოფილიყო ადმინისტრაციული რესურსის გამოყენება, იყო მასობრივი მოყვანა ამომრჩევლის ავტობუსებით, იყო გადაძახილები მე მივეცი ხმა და ა.შ. ეს მანკიერი პრაქტიკა ყოველთვის ახლავს არჩევნებს, ამას ბუნებრივია საარჩევნო პროცესში ტექნოლოგიების დანერგვა ვერაფერს უშველის, ეს სხვა სისტემური პრობლემაა, შესაბამისად მეორე ნაწილში იყო ცალკეული ასეთი შემთხვევები, ამისგან დაზღვეულები ვერ აღმოვჩნდით და ალბათ, მომავალშიც არ იქნება, თუმცა ტექნოლოგიის ნაწილში, საერთო ჯამში, ჩემი შეფასებით დადებითად ვაფასებ და მივიჩნევ, რომ ტექნოლოგიები ნამდვილად არის ქართული არჩევნების ხვალინდელი დღე“, - განაცხადა სიორიძემ.

ცნობისთვის, საქართველოს 10 მუნიციპალიტეტში შუალედური/რიგგარეშე არჩევნებზე ხმის მიცემის პროცესი დასრულდა. 165 საარჩევნო უბანზე ხმის მიცემის პროცესი 20:00 საათისთვის შეწყდა.

ეს პირველი არჩევნები იყო, რომელზეც საარჩევნო ადმინისტრაციამ ელექტრონული ტექნოლოგიები ფართო მასშტაბით გამოიყენა.

შუალედური და რიგგარეშე არჩევნებზე დღეს ამომრჩევლები ირჩევდნენ: საქართველოს პარლამენტის ფოთი-სენაკი-ხობის მაჟორიტარ დეპუტატს, გურჯაანის, თიანეთის, ახალციხის, ტყიბულის, ქუთაისის საკრებულოების მაჟორიტარ დეპუტატებს, ასევე ცაგერისა და თერჯოლის მერებს.

გიორგი კაჭარავა - აფხაზეთის ექსპანსიისთვის რუსეთი ახალ მექანიზმებს ამუშავებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.07.2024
„ვისოლ ჯგუფმა“ თბილისის საერთაშორისო აეროპორტში „საბვეის“ მე-16 რესტორანი გახსნა
კახა ოქრიაშვილი - „ოცნების“ ორმაგი და სამმაგი თამაში ომამდე მიგვიყვანს
კახეთის გზატკეცილზე „კარფურის” სუპერმარკეტი უკვე გაიხსნა
„ბიოგრაფი ლივინგი“ დეველოპერულ ბაზარზე მოღვაწეობის პირველივე წლის ბოლოს მე-4 ახალ პროექტს იწყებს
Keepz-მა ღია ბანკინგის ლიცენზია მიიღო