თბილისის მერიის მავნებლობას, გულგრილობას და დაუდევრობას შეიძლება ადამიანის სიცოცხლე შეეწიროს,- ამის შესახებ “ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” პოლიტიკური საბჭოს წევრმა ლაშა ფარულავამ ადგილობრივ მოსახლეობასთან ერთად გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.
მან კოტე აფხაზის ქუჩასთან დაკავშირებით ისაუბრა და აღნიშნა, რომ „საფრთხის შემცველია მშენებლობა, რომელიც თბილისის ისტორიული მემკვიდრეობის სახლებს აზიანებს“.
,,თბილისის მერის, კახი კალაძის მენეჯმენტის კიდევ ერთი სავარაუდო კორუფციული ინტერესით ნაკარნახევი ბარბაროსობას და ვანდალიზმს ისტორიული თბილისის შუაგულში ეწირება ჩვენი ისტორიული მემკვიდრეობა.
სამშენებლო ნებართვა გაცემულია ,,ქართული ოცნების’’ შემომწირველთან დაკავშირებულ კომპანიაზე, რომელმაც არ შეასრულა ვალდებულება და მომიჯნავე შენობების გამაგრების ნაცვლად, ურბანული კატასტროფა მოაწყო. მართალია სასამართლომ დროებით შეაჩერა მშენებლობა, თუმცა გადაუდებლად აუცილებელია მომიჯნავე სახლებიდან მოსახლეობის გაყვანა, შენობის გამაგრება ან დემონტაჟი, წინააღმდეგ შემთხვევაში რეალური საფრთხეა ნგრევის. თბილისის მერიის მავნებლობას, გულგრილობას და დაუდევრობას შეიძლება ადამიანის სიცოცხლე შეეწიროს’’, - განაცხადა ლაშა ფარულავამ, რომლის კომენტარსაც პარტიის პრესსამსახური ავრცელებს.
მათივე ცნობით, გრიგოლ ხანძთელის ქუჩის მოსახლეობა აცხადებს, რომ მათ არაერთხელ მიმართეს თბილისის მერიას ცხელ ხაზს, თუმცა მუნიციპალიტეტის ინსპექციას სამშენებლო დარღვევებზე რეაგირება არ მოუხდენია.
„ შპს ,,ძველი ქუჩა 2010’’ ის მიერ წარმოებულ სამშენებლო სამუშაოების გამო მთლიანად ამორტიზებული და ჩავარდნილია ხანძთელის ქუჩის საავტომობილო გზა, დამსკდარია მომიჯნავე შენობების საყრდენი კედლები. ადგილობრივი მოსახლეობის საჩივრის საფუძველზე სასამართლომ მშენებლობა დროებით შეაჩერა“,- აღნიშნულია პარტიის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.