საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის მაგისტრანტმა „EMerald“ მაგისტრატურის კურსის სრული დაფინანსება მოიპოვა

საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის სამთო-გეოლოგიური ფაკულტეტის, გეოლოგიის პროგრამის მაგისტრანტი, ვახტანგ ბლუაშვილი „EMerald“-ის მაგისტრატურის კურსს გაივლის. ამის შესახებ ინფორმაციას სტუ ავრცელებს.

მათივე ცნობით, სტუ-ის სამთო- გეოლოგიური ფაკულტეტის მაგისტრანტმა „EMerald“ -ის მაგისტრატურაზე, საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის მხრიდან ინტერნაციონალიზაციის პოლიტიკის წარმატებით განხორციელების ფარგლებში, სრული დაფინანსება მოიპოვა.

როგორც მაგისტრანტი, ვახტანგ ბლუაშვილი აცხადებს, „EMerald“ -ის მაგისტრატურის პროგრამა მოიცავს ორწლიან სწავლებას ბელგიის, საფრანგეთის, გერმანიისა და შვედეთის უნივერსიტეტებში რესურსების ინჟინერიის მიმართულებით.

„ამჟამად ვიმყოფები საფრანგეთში, ქალაქ ნანსიში, სადაც გავდივარ მეორე სემესტრს ლოთარინგიის უნივერსიტეტში. პროგრამის მიზანია, სტუდენტებისთვის თანამედროვე ცოდნის მიწოდება სამთო-გეოლოგიის, მეტალურგიისა და მენეჯმენტის მიმართულებით. შესაბამისად, ლექციების ძირითადი ნაწილი ეხება მინერალური რესურსების შეფასებასა და საბადოების მოდელირებას, მყარი ნარჩენების ხელახალ გადამუშავებას, სასარგებლო წიაღისეულის გამდიდრებასა და მოპოვებით მეტალურგიას, სამთო-მენეჯმენტს, ეკონომიკასა და ა.შ. გარდა თეორიული ცოდნისა, ხშირია პრაქტიკები ქიმიურ ლაბორატორიებში, გამამდიდრებელ ფაბრიკებში, უშუალოდ კარიერზე ან მაღაროებში. ასევე ვეუფლები ისეთ კომპიუტერულ პროგრამებს, რომლებიც ფართოდ გამოიყენება სამთო-გეოლოგიურ წარმოებაში მსოფლიოს მასშტაბით“, - აცხადებს ვახტანგ ბლუაშვილი.

საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის ინფორმაციით, ვახტანგ ბლუაშვილი პირველი სემესტრი ლიეჟის უნივერსიტეტში (ბელგია) დახურა, სადაც გაიარა შემდეგი სასწავლო კურსები: მინერალური რესურსები, წიაღისეულის გამდიდრება 1, ეკონომიკური და სოციალური საკითხები სამთო წარმოებაში, მინერალწარმომქმნელი პროცესები, მყარი ნარჩენების გადამუშავება, გეოსტატისტიკა. მეორე სემესტრში ლოთარინგიის უნივერსიტეტში (საფრანგეთი), შეისწავლა მადნის გადამუშავების ტექნოლოგია, საბადოების დამუშავება, მარაგების შეფასება, სამთო მენეჯმენტი, სამთო-გეოლოგიური წარმოების გავლენა გარემოზე. მესამე სემესტრს ვახტანგ ბალუაშვილი ფრაიბერგის უნივერსიტეტში (გერმანია) ან ლულეოს ტექნოლოგიური უნივერსიტეტი (შვედეთი) გაივლის სადაც შეისწავლის სამთო-გეოლოგიას, წიაღისეულის გამდიდრება 2, გეომეტალურგიას, ანალიტიკას, ტექნოგენური საბადოების გადამუშავებას, მეტალურგიული პროცესებს, რესურსების მენეჯმენტს, თერმოდინამიკას, კრიტიკულად მნიშვნელოვანი ელემენტების მოპოვება-გადამუშავებას. მეოთხე სემესტრი კი სრულად დაეთმობა სამაგისტრო ნაშრომზე მუშაობას.

„მადლობა მინდა გადავუხადო საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტს, სამთო-გეოლოგიურ ფაკულტეტს იმ თანადგომისა და ხელშეწყობისთვის, რომელიც ჩემ მიმართ გამოიჩინეს. ვფიქრობ, ის შესაძლებლობა, რომელიც მომეცა, მაძლევს საშუალებას კიდევ მეტად წარმატებული ვიყო ჩემს უნივერსიტეტსა და სამშობლოში. ჩვენი პროფესია ძალიან მოთხოვნადი, საინტერესო და შრომატევადია. მინდა წარმატება ვუსურვო ჩემს თანაკურსელებს, კოლეგებს და მადლობას მოვახსენებ სტუ-ის რექტორს სტუდენტებისათვის მხარში დგომისთვის“ - აცხადებს სტუ-ის მაგისტრანტი ვახტანგ ბლუაშვილი.

ვახუშტი მენაბდე - ამ ეტაპზე „ქართული ოცნების“ მთავარი ამოცანა არა პრეზიდენტის დაზიანება და მისთვის იმპიჩმენტის გამოცხადება, არამედ 26 ოქტომბრისთვის ამომრჩევლის მაქსიმალურად მობილიზებაა
ქართული პრესის მიმოხილვა 07.10.2024
იან კელი - აშშ-ს პრეზიდენტის მიღებაზე მიწვევას არ ვუუქმებთ მთავრობებს, რომლებსაც მეგობრად ვთვლით
2024 წლის მასწავლებლის ეროვნული ჯილდოს მფლობელია ნათია უჩავა
როგორ დავიფინანსოთ სწავლა - უპრეცედენტო შეთავაზება სტუდენტებს
ქართულ მედია სივრცეში ახალი ონლაინ გამოცემა Urban Media გამოჩნდა