ვაკის პარკში მომხდარი ტრაგედიის საქმეზე დაკავებულების სასამართლო პროცესი ბრალდების მხარის მოწმეების დაკითხვით გრძელდება. დღევანდელ სასამართლო პროცესზე, რომელიც თბილისის საქალაქო სასამართლოში მიმდინარეობს, ორი მოწმე დაიკითხება.
მათ შორისაა, ექსპერტ-ტრასოლოგი, რომელმაც შემთხვევის ადგილის დათვალიერებაში მიიღო მონაწილეობა და დაზიანებული კაბელი შეამოწმა.
საქმის პროკურორის, არჩილ ტყეშელაშვილის განცხადებით, სწორედ აღნიშნულმა პირმა ცხაურზე და კაბელზე ჩაატარა ექსპერტიზა და დაადგინა, რომ კაბელის დაზიანება ცხაურის დაწოლით მოხდა.
მეორე მოწმე „გრინსერვის პლუსის" თანამშრომელი, პროექტის მენეჯერია. სწორედ აღნიშნულმა პირმა მიიღო დავალება შავი ფერის მილების თეთრი უჟანგავი ცხაურებით შეფუთვის თაობაზე.
ცნობისთვის, 2022 წლის 13 ოქტომბერს, ვაკის პარკში მომხდარი ტრაგედიის შედეგად, 13 წლის მარიტა მეფარიშვილი გარდაიცვალა, ორი მოზარდი - ანდრია ლორთქიფანიძე და ლაზარე ლობჟანიძე კი დაშავდა. მეფარიშვილის გარდაცვალების საქმეზე 9 პირია ბრალდებული, რომელთაც აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა აქვთ შეფარდებული, ნაწილ მათგანს საქართველოს გენერალურმა პროკურატურამ ბრალდება დაუმძიმა. კერძოდ, ბრალი დაუმძიმდათ - "გრინსერვისი+“-ის დირექტორს, ლაშა ფურცხვანიძეს უხარისხო სამუშაოების შესრულების ფაქტზე, რამაც ადამიანის სიცოცხლის მოსპობა და ორი ადამიანის ჯანმრთელობის დაზიანება გამოიწვია (სსკ-ის 251-ე მუხლის მე-2 და მე-3 ნაწილი), ასევე ყალბი ოფიციალური დოკუმენტების გამოყენების ფაქტზე, რამაც მნიშვნელოვანი ზიანი გამოიწვია (362-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტი)."გრინსერვისი+“-ის თანამშრომელს დევი კახოიძეს - ყალბი ოფიციალური დოკუმენტის დამზადებაში წაქეზების ფაქტზე, რამაც მნიშვნელოვანი ზიანი გამოიწვია (სსკ-ის 25,362-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ’’ ქვეპუნქტი) და ,,მშენ-ექსპერტი“-ს დირექტორს ნუგზარ ქიტიაშვილსა და ამავე კომპანიის ექსპერტს დავით თუშიშვილს ყალბი ოფიციალური დოკუმენტის დამზადება, გასაღების ფაქტზე, რამაც მნიშვნელოვანი ზიანი გამოიწვია (სსკ-ის 362-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ბ’’ ქვეპუნქტი).