ის, რისი გაკეთებაც საქართველოსგან გვსურს, არის, რომ საქართველო, საქართველოს ტერიტორია, ქართული კომპანიები არ გამოიყენონ სანქციების გვერდის ასავლელად და ამ დროისთვის ჩვენ საპირისპირო ინფორმაცია არ გვაქვს, - ამის შესახებ საქართველოში ევროკავშირის ელჩმა, პაველ ჰერჩინსკიმ განაცხადა.
მისი თქმით, ევროკავშირმა რუსეთს უმკაცრესი სანქციები დაუწესა იმ მიზნით, რომ რუსეთმა უკრაინის წინააღმდეგ აგრესია შეაჩეროს.
„ევროკავშირმა რუსეთს უმკაცრესი სანქციები დაუწესა. ჩვენი მიზანია რუსეთის ქცევის შეცვლა და იმის უზრუნველყოფა, რომ რუსეთმა შეაჩეროს უკრაინის წინააღმდეგ აგრესია რაც შეიძლება მალე და ეს საშინელი ომი დასრულდეს. რუსეთის წინააღმდეგ ჩვენი მრავალმხრივი პოლიტიკის ერთ-ერთი ელემენტი არის სანქციები. სანქციების ახალ პაკეტზე შეთანხმება ევროკავშირის 27-ვე წევრი სახელმწიფო მიერ ხდება და ასევე ჩვენ ამას ჩვენს საერთაშორისო პარტნიორებთან ერთად ვახორციელებთ. ვიცი, რომ ამ ერთობლივ ძალისხმევაში წვლილი სხვადასხვა ქვეყანას სხვადასხვაგვარად შეაქვს. საქართველომ შემოიღო ზოგიერთი ჩვენი სანქცია, არა ყველა მათგანი. ის, რისი გაკეთებაც საქართველოსგან გვსურს, არის, რომ საქართველო, საქართველოს ტერიტორია, ქართული კომპანიები არ გამოიყენონ სანქციების გვერდის ასავლელად და ამ დროისთვის ჩვენ საპირისპირო ინფორმაცია არ გვაქვს. არ გვაქვს რაიმე ინფორმაცია, მტკიცებულება, რომ საქართველო ხელს უწყობს ჩვენი სანქციებისთვის გვერდის ავლას“, - აღნიშნა ელჩმა.