აზიის განვითარების ბანკის ყოველწლიური შეხვედრის ფარგლებში, საქართველოს ფინანსთა მინისტრი ლაშა ხუციშვილი აზიის განვითარების ბანკის პრეზიდენტს, მასაცუგუ ასაკავას შეხვდა. ინფორმაციას ფინანსთა სამინისტრო ავრცელებს.
უწყების ცნობით, შეხვედრას ფინანსთა მინისტრის მოადგილე ეკატერინე გუნცაძე და ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილე გენადი არველაძე დაესწრნენ.
„მხარეებმა საქართველოსა და აზიის განვითარების ბანკს შორის თანამშრომლობის საკითხები მიმოიხილეს, როგორც ორმხრივ, ისე მრავალმხრივ ფორმატებში.
ხაზი გაესვა ADB-ის, როგორც ერთ-ერთი უმსხვილესი პარტნიორის როლს საქართველოს განვითარების პროცესში, რომელიც მოიცავს, როგორც საჯარო, ისე კერძო სექტორის დაფინანსებას.
საუბარი შეეხო ქვეყნისთვის სტრატეგიულად მნიშვნელოვან პროექტებს, როგორებიცაა აღმოსავლეთ-დასავლეთის ჩქაროსნული ავტომაგისტრალი, სადაც ADB-ის მხარდაჭერით 4 მონაკვეთის მშენებლობა მიმდინარეობს, ჩრდილოეთ-სამხრეთის დერეფანი, რომელიც მიზნად ისახავს გააუმჯობესოს რეგიონული კავშირები, სხვა საგზაო და მუნიციპალური პროექტები, რომლებიც ხელს უწყობენ კიდევ უფრო გაძლიერდეს საქართველოს, როგორც სატრანსპორტო და ლოგისტიკური პოზიციები.
ასევე, საუბარი შეეხო ენერგოუსაფრთხოებისა და დამოუკიდებლობის საკითხებს.
მხარეთა შორის თანამშრომლობის პერსპექტივაზე საუბრისას, ყურადღება 2024 წელს, აზიის განვითარების ბანკის ყოველწლიური შეხვედრის საქართველოში ჩატარების მნიშვნელობაზე გამახვილდა.
დასასრულს, საქართველოს ფინანსთა მინისტრმა და აზიის განვითარების ბანკის პრეზიდენტმა გამოთქვეს იმედი, რომ პარტნიორობა, როგორც სტრუქტურული, ისე ეკონომიკური რეფორმების განხორციელების მიმართულებით კვლავ გაგრძელდება,“ - აღნიშნულია გავრცელებულ ინფორმაციაში.