აქონდროპლაზიის დიაგნოზის მქონე ბავშვების მშობლების განცხადებით, ისინი მთავრობის წარმომადგენლებთან შეხვედრისა და მოლაპარაკების დაწყებისთვის მზად არიან.
ისინი პრემიერ-მინისტრთან, ირაკლი ღარიბაშვილთან და თამარ გაბუნიასთან შეხვედრას ითხოვენ.
აქციის მონაწილეების განცხადებით, მათთვის ნათელი უნდა გახდეს, თუ როდის შეძლებენ, მათი შვილები მედიკამენტ „ვოსორიტიდის” მიღებას.
“მე ვარ დედა, რომელიც 16 თვის განმავლობაში ყველა დიალოგს ვესწრებოდი. ერთადერთ დიალოგის დაწყებას ვითხოვთ, რომლის მიხედვითაც სექტემბრიდან ჩვენი შვილები მედიკამენტის მიღებას შეძლებენ. დასრულდეს დედების ტანჯვა. კონკრეტული პასუხი გვინდა, თუ როდის შეძლებენ ჩვენი შვილები მკურნალობის დაწყებას”, - განაცხადა სალომე გაბელაშვილმა.
აქციის ერთ-ერთი მონაწილის, ეკატერინე ჭონქაძის თქმით, ის ჯანდაცვის მინისტრის მოადგილეს, თამარ გაბუნიას სთხოვს, აქციის მონაწილეებთან მივიდეს.
“თამარ გაბუნია მობრძანდეს და მოგველაპარაკოს ხალხთან თანდასწრებით. თუ როდის შემოიტანს წამალს. რა პასუხს გასცემს ის ჩემს შვილებს. თამარ გაბუნიას ვთხოვთ აქ მოვიდეს. თამარ გაბუნიას შეუძლია კაბინეტიდან გამოვიდეს”, - განაცხადა ეკატერინე ჭონქაძემ.
მშობლის, ქეთევან ბეგიაშვილის განცხადებით, აქციები იქამდე გაგრძელდება, ვიდრე მედიკამენტი საქართველოში არ შემოვა.
“გუშინ, როცა თამარ გაბუნია ეთერში გამოვიდა, ჩვენს საწინააღმდეგოდ საუბრობდა. მატყუარად რატომ გამოგვიყვანა პრემიერმა. პრემიერო გეხვეწებით, როგორც მშობელს, ასეთ მდგომარეობაში რატომ გვაქცევთ. არ წავალ სახლში, ვიდრე მედიკამენტს სახლში არ წავიღებ. თქვენ თუ არ დაიღლებით, არც მე დავიღლები”, - განაცხადა ქეთევან ბეგიაშვილმა.
ცნობისთვის, აქტონდროპლაზიის დიაგნოზის მქონე ბავშვების მშობლები უკვე ორი კვირაა, რაც მთავრობის ადმინისტრაციასთან პრეპარატ „ვოსორიტიდის” შემოტანას და დაფინანსებას ითხოვენ.