საქართველოს ფინანსთა სამინისტრო ეხმაურება საქართველოს მიერ საერთაშორისო სანქციების აღსრულების პროცესთან დაკავშირებით, ბოლო დღეებში ზოგიერთი მედიასაშუალებით გავრცელებულ მორიგ დეზინფორმაციას და კიდევ ერთხელ, კატეგორიულად აცხადებს, რომ საერთაშორისო სანქციების დაწესების დღიდან, ჩვენი ქვეყანა სრულად იცავს დადგენილ წესებს და საზღვარზე მკაცრ მონიტორინგს უწევს ყველა ტიპის საბაჟო ოპერაციას, - ამის შესახებ ნათქვამია საქართველოს ფინანსთა სამინისტროს განცხადებაში.
როგორც სამინისტროში აღნიშნავენ, სრული პასუხისმგებლობით აცხადებენ, რომ დღემდე არ არსებობს საქართველოს მიერ საერთაშორისო სანქციების დარღვევის არც ერთი ფაქტი, რაც დასტურდება მათ შორის საქართველოში ევროკავშირის და აშშ-ის ელჩების მიერ მედიასაშუალებებთან გაკეთებული განცხადებებით.
„აღნიშნულის გათვალისწინებით, ყველა ის პროდუქცია, რომელიც მოხვედრილია სანქციების მონაწილე ქვეყნების მიერ განსაზღვრულ სიაში, მათ შორის, სიუჟეტში მოყვანილი საყოფაცხოვრებო ელექტრო ტექნიკა, რომელიც გადაადგილდება საქართველოს გავლით - ექვემდებარება განსაკუთრებულ საბაჟო კონტროლს და მოწმდება დეტალურად. აგრეთვე, დამატებით გადამოწმებას ექვემდებარება საქონლის წარმოშობის სერტიფიკატის გაცემის შემთხვევები, რათა საქართველო არ იქნას გამოყენებული დაწესებული სანქციებისგან თავის არიდების საშუალებად.
სრული პასუხისმგებლობით ვაცხადებთ, რომ დღემდე არ არსებობს საქართველოს მიერ საერთაშორისო სანქციების დარღვევის არც ერთი ფაქტი, რაც დასტურდება მათ შორის საქართველოში ევროკავშირის და აშშ-ის ელჩების მიერ მედიასაშუალებებთან გაკეთებული განცხადებებით.
შესაბამისად, ნებისმიერმა პირმა, რომელიც საქართველოს მიერ სანქციების დარღვევის შესახებ ბრალდებებს აჟღერებს, უნდა წარმოადგინოს შესაბამისი მტკიცებულებები.
წინააღმდეგ შემთხვევაში, ჩაითვლება, რომ ეს არის მიზანმიმართული ქმედება - ყალბი ინფორმაციის გავრცელებით, ქვეყანას მიაყენონ რეპუტაციული ზიანი, რაც არ დარჩება რეაგირების გარეშე ჩვენი მხრიდან“, - ნათქვამია განცხადებაში.