თბილისის საქალაქო სასამართლოს ეზოში მარტის აქციების მოვლენების დროს დაკავებულის, ლაზარე გრიგორიადისის მხარდასაჭერი აქცია მიმდინარეობს. აქციაზე იმყოფებიან პოლიტიკოსები ოპოზიციიდან, სამოქალაქო აქტივისტები და ლაზარე გრიგორიადისის ახლობლები.
აქციის მონაწილეები მიიჩნევენ, რომ ლაზარე გრიგორიადისის დაკავების საქმეში მტკიცებულებები არ არსებობს.
ცნობისთვის, გამოძიების ინფორმაციით, ბრალდებულმა 7 მარტს, რუსთაველის გამზირზე გამართული აქციის მიმდინარეობისას, 9 აპრილის ქუჩაზე შს სამინისტროს განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტის თანამშრომლების მიმართულებით, რომლებიც სამსახურებრივ მოვალეობას ასრულებდნენ, ორჯერ ისროლა ე.წ. „მოლოტოვის კოქტეილი“.
ასევე, ბრალდებულმა 9 მარტს, ჭანტურიას ქუჩაზე, განზრახ წაუკიდა ცეცხლი შინაგან საქმეთა სამინისტროს კუთვნილ „ტოიოტა კოროლას“ მოდელის ავტომანქანას, რომელიც ადგილზე დაიწვა. ამ ქმედების შედეგად, სახელმწიფო ბიუჯეტს 39 500 ლარის ქონებრივი ზიანი მიადგა.
ლაზარე გრიგორიადისს ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 353-ე პრიმა მუხლის მეორე ნაწილით (პოლიციელის ჯანმრთელობის ხელყოფა მის სამსახურებრივ საქმიანობასთან დაკავშირებით) და 187-ე მუხლის მეორე ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით (სხვისი ნივთის განადგურება, ცეცხლის წაკიდებით) წარედგინა, რაც სასჯელის ზომად 7-დან 11 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.