მარტის აქციების მიმდიანრეობისას პოლიციელების ჯანმრთელობის ხელყოფისა და სახელმწიფო ქონების განადგურების ფაქტებზე ბრალდებულ ლაზარე გრიგორიადისის საქმის პროკურორ თამარ იაკობიძის განცხადებით, დღევანდელ სასამართლო სხდომაზე სასამართლომ მტკიცებულებების დასაშვებობაზე უნდა იმსჯელოს.
როგორც მან ჟურნალისტებს პროცესის დაწყებამდე განუცხადა, გამოძიებამ ყველა რესურსი გამოიყენა იმისთვის, რომ საქმეზე მტკიცებულებები წარედგინა.
„მოგეხსენებათ, რომ წინასასამართლო სხდომაზე, აღმკვეთი ღონისძიების შეცვლის დროს სასამართლო განიხილავს არსებობს თუ არა რაიმე ახალი გარემოება, რომელიც გამოყენებული აღმკვეთის ღონისძიების შეცვლას გამოიწვევდა. დღევანდელ სასამართლო სხდომაზე ასეთი ახალი გარემოება არ არსებობს და სასამართლომ განჩინებაში დაასაბუთა საფრთხეები, რომელიც ბრალდებულის მხრიდან მომდინარეობდა, რაც უკავშირდებოდა ახალი დანაშაულის ჩადენის საფრთხეს, შესაძლო მიმალვის საფრთხესა და მოწმეებზე ზემოქმედების საფრთხეს. ადვოკატების შუამდგომლობას მოვისმენთ და პასუხს გავცემთ. დღევანდელ სასამართლო სხდომაზე სასამართლომ დასაშვებად უნდა ცნოს მტკიცებულებები. მტკიცებულების დასაშვებად ცნობის შემდეგ უკვე მხარეები შევთანხმდებით, რომელი მტკიცებულებაა უკვე სადაო და რომელი არის უდავო. ამის შემდეგ უკვე საქმის არსებითი განხილვის დროს გამოვიკვლევთ თითოეულ მტკიცებულებას და ვინაიდან მოწმის მიერ მიცემულ ჩვენებად ითვლება სასამართლო პროცესზე მიწოდებული ინფორმაცია, ლოგიკურია, დაველოდებით საქმის არსებით განხილვას. გამოძიებამ ყველა რესურსი გამოიყენა იმისთვის, რომ საქმეზე წარედგინა მტკიცებულებები და სწორედ ამ მტკიცებულებების დასაშვებობაზე ვიმსჯელებთ დღეს“, - განაცხადა პროკურორმა.