აზერბაიჯანსა და საქართველოს შორის სახმელეთო საზღვარი კვლავ დაკეტილი რჩება. ამის მიზეზი აზერბაიჯანის გადაწყვეტილებაა, რომლის მიხედვითაც, ქვეყანამ კიდევ ერთხელ გაახანგრძლივა კარანტინი, რომელიც კორონავირუსული პანდემიის გამო დააწესა.
„ეხო კავკაზას“ ინფორმაციით, მანამდე ქვეყანაში სპეციალური საკარანტინო რეჟიმის მოქმედების ვადა 1-ელ მაისამდე იყო განსაზღვრული. ქვეყნის სახმელეთო საზღვრები დაკეტილია 2020 წლის გაზაფხულიდან.
„ქვეყანაში კორონავირუსის ინფექციის გავრცელებისა და მისი შესაძლო შედეგების პრევენციის მიზნით, აზერბაიჯანის რესპუბლიკის ტერიტორიაზე სპეციალური საკარანტინო რეჟიმის ვადა 2023 წლის 1-ელი ივლისის 06:00 საათამდე გახანგრძლივდება“, – ნათქვამია აზერბაიჯანის პრემიერ-მინისტრი ალი ასადოვის მიერ ხელმოწერილ განკარგულებაში.
ქვეყანაში შესვლა შესაძლებელია მხოლოდ საჰაერო ტრანსპორტით. ერთადერთი გამონაკლისი არის თურქეთთან სახმელეთო საზღვარი ნახიჩევანში, მაგრამ მისი გადაკვეთა მხოლოდ აზერბაიჯანის იმ მოქალაქეებს შეუძლიათ, რომლებსაც აქვთ ნახიჩევანში ბინადრობის ნებართვა.