არც აშშ-ში და არც ევროპის წამლის სააგენტოს (EMA) მიერ, „ვოსორიტიდს“ უპირობო ავტორიზაცია არ აქვს მიღებული. კვლევებში, ცალსახად არის ნათქვამი, რომ წამლის სარგებლისა და რისკის შესახებ ინფორმაციის დეფიციტი არსებობს. ანუ, არ ვიცით, სარგებელი ასე გაგრძელდება, თუ - არა, - ამის შესახებ მედიცინის ექსპერტი თინათინ ტურძილაძე აცხადებს.
მისივე თქმით, ევროპას აქვს ავტორიზაციის რეჟიმი - „თანაგრძნობის ავტორიზაცია“, რაც ნიშნავს, რომ წამალი არ არის ავტორიზებული, მაგრამ იმდენად მძიმე დაავადებისთვის არის შექმნილი, რომ მინიმალური სარგებლის ნიშნების გამო დაუშვეს ბაზარზე.
„ასეთ შემთხვევაში ამბობენ, თავად გადაწყვიტეთ, გინდათ, თუ არა ეს მედიკამენტი, იმიტომ რომ მას არ ახლავს სახელმწიფოს გარანტია. შემდეგ მოდის, პირობით დაშვება, როდესაც დიახ, სარგებელი არის, მაგრამ არ ვიცით, რა იქნება მომავალში. ამის შემდეგ მოდის ის ავტორიზაცია, რომელზეც ადგილობრივი სპეციალისტები აპელირებენ, რომ მედიკამენტს აქვს ავტორიზაცია. არა, ის ავტორიზაცია და დამატებითი დათქმებით დაშვებული ავტორიზაცია, რაც „ვოსორიტიდს“ აქვს, ერთმანეთისაგან განსხვავებულია“, - ამბობს ტურძილაძე.
მედიცინის ექსპერტის თქმით, ამ ეტაპზე არის ვარაუდი, რომ თუ ძვლის ზრდა დინამიკაში გაგრძელდება, გვერდითი ეფექტები დაკორექტირდება.
„ჩვენ არ ვიცით, ხრტილი გამაგრდება თუ არა. ამ ეტაპზე, კვლევებს ასეთი მონაცემი არ დაუდია. საუბარია იმაზე, რომ ძვლის ზრდა იწყება. თუ ძვლის ზრდა, საკმაოდ გაგრძელდა დინამიკაში, არის ვარაუდი, რომ გვერდითი ეფექტების კორექციას გააკეთებს. აქ სიტყვა „ვარაუდობს“ ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს, რადგან რეალურად, ფაქტობრივად, ჩვენ ეს ჯერ არ ვიცით“,- დასძინა მან.
მისივე თქმით, ამ ეტაპზე, ასევე, უცნობია, იმ გართულებების შესახებ, რაც შესაძლოა, ძვლის ზრდას მოჰყვეს და ხრტილის გამაგრების მოლოდინში, სხვა ბევრი სასიცოცხლო ფუნქცია გაუარესდეს.
„ვინმემ შეიძლება, დასვას კითხვა, როგორ მოვიქცეთ, ამ ბავშვებს ხომ ძალიან უჭირთ? რა თქმა უნდა ასეა. რა თქმა უნდა, მათ ძვლის ზრდის ეტაპამდე, ტკივილები და ყველა ის გართულება აქვთ, რომლებზეც საუბრობენ. უბრალოდ, ამას სჭირდება თავისი პროტოკოლი, როგორ უნდა მოუაროთ ამ დაავადებას“, - ამბობს ფარმაცევტული დარგის საერთაშორისო ექსპერტი, რომლის კომენტარსაც ჯანდაცვის სამინისტრო ავრცელებს.