უკრაინელმა დამცველებმა, გასული დღე-ღამის განმავლობაში, ოკუპანტების 41 შეტევა მოიგერიეს. ბახმუტი და მარინკა ფრონტის ყველაზე ცხელ წერტილებად რჩება - ამის შესახებ უკრაინის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის ანგარიშშია აღნიშნული.
მათივე ინფორმაციით, რუსულმა ძალებმა ჩერნიგოვის ოლქის ლიზუნოვკას დასახლებაზე მართვადი ბომბებით საჰაერო დარტყმა განახორციელეს. თავდასხმას ბავშვი ემსხვერპლა. ამასთან, რუსებმა ჩერნიგოვის ოლქის კიდევ რამდენიმე დასახლება დაბომბეს.
„ლიმანის მიმართულებით მტერმა წარუმატებელი შეტევა განახორციელა ნოვოსელოვკისა და ბელოგოროვკის რაიონებში. რუსებმა ავიადარტყმა მიაყენეს ბელოგოროვკას, გრიგოროვკასა და სპორნოეს. რუსეთის ფედერაციის საარტილერიო ცეცხლის ქვეშ მოექცა ლუგანსკის ოლქის მაკიივკას, დიბროვასა და ბელოგოროვკას დასახლებები და ვერხნეკამენოესა და სპორნოეს დასახლებები დონეცკის ოლქში“, - აცხადებენ გენშტაბში.
უწყების ცნობით, ბახმუტის მიმართულებით მოწინააღმდეგე შეტევის განხორციელებას ცდილობს და ბახმუტში ბრძოლა გრძელდება. ამასთან, რუსებმა სცადეს წინსვლა პრედტექინოს დასახლების მიმართულებით და საჰაერო დარტყმა განახორციელეს ბახმუტსა და ბელაია გორაზე.
„ავდიივკას მიმართულებით მტერმა შეტევა წამოიწყო სევერნოესა და პერვომაისკოეს დასახლებების რაიონებში, მაგრამ წარუმატებლად. დამპყრობლებმა საჰაერო დარტყმა განახორციელეს ავდიივკაზე და დონეცკის ოლქის ლასტოჩკინოს, სევერნოიეს, პერვომაისკოესა და კარლოვკას დასახლებები დაბომბეს“, - აცხადებენ გენშტაბში.
რაც შეეხება მარინკას მიმართულებას, გენშტაბის ცნობით, რუსული ძალები აგრძელებენ უკრაინის პოზიციებზე შეტევის განხორციელებას და მარინკასთვის ბრძოლები გრძელდება.