თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში ივანე ჯავახიშვილის თხზულებათა სრული აკადემიური კრებულის მოსამზადებლად შექმნილი სარედაქციო საბჭოს სამუშაო შეხვედრა გაიმართა.
ამის შესახებ ინფორმაციას უნივერსიტეტის პრესსამსახური ავრცელებს.
მათივე ცნობით, თსუ-ს რექტორმა, აკადემიკოსმა ჯაბა სამუშიამ და კორნელი კეკელიძის სახელობის საქართველოს ხელნაწერთა ეროვნული ცენტრის დირექტორმა, ზაზა აბაშიძემ აკადემიური გამოცემისთვის ჩატარებული სამუშაო შეაჯამეს.
„ივანე ჯავახიშვილის თხზულებათა სრული აკადემიური კრებული პირველად გამოიცემა, რაც უმნიშვნელოვანესი მოვლენა იქნება ჰუმანიტარული მეცნიერების და ზოგადად, ქართული კულტურისა და მეცნიერების ისტორიაში. საარქივო მასალის სრულყოფილი შესწავლის საფუძველზე, კრებულში შევა როგორც აქამდე გამოუქვეყნებელი თხზულებები და მეცნიერის ეპისტოლური მემკვიდრეობა, ასევე მოხდება გამოცემული წიგნების დიგიტალიზაცია და შემდგომ დედანთან შედარება.
ივანე ჯავახიშვილის თხზულებათა სრული აკადემიური კრებულის მოსამზადებლად შექმნილია სამუშაო ჯგუფი - ტექსტოლოგიური კომისია, რომელიც დაკომპლექტებულია თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტისა და ხელნაწერთა ეროვნული ცენტრის თანამშრომლებით. სამუშაო ჯგუფში ჩართულნი არიან ფილოლოგები, ისტორიკოსები, გეოგრაფები.
კორნელი კეკელიძის სახელობის საქართველოს ხელნაწერთა ეროვნული ცენტრის და თსუ-ს მუზეუმისა და ბიბლიოთეკის საცავებში დაცულია ივანე ჯავახიშვილის სამეცნიერო და ეპისტოლური მემკვიდრეობის უნიკალური ფონდები, რომელთა დიდი ნაწილი გამოუქვეყნებელია. ამდენად, მათი გამოცემა მნიშვნელოვანია, რათა მეცნიერის ნაშრომები გახდეს ცნობილი ფართო აუდიტორიისათვის.
გამოცემა ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტსა და კორნელი კეკელიძის სახელობის საქართველოს ხელნაწერთა ეროვნულ ცენტრს შორის გაფორმებული მემორანდუმის საფუძველზე მზადდება“, - აღნიშნულია თსუ-ს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.