დაზღვევა ჩვენი ეკონომიკის მნიშვნელოვანი სექტორია და თითოეული ჩვენგანის ცხოვრებაში მნიშვნელოვანი როლი აქვს. მართლაც, ხელშესახებია ის პროგრესი, რასაც ინდუსტრიამ ბოლო წლებში მიაღწია, - ამის შესახებ კონკურენციის ეროვნული სააგენტოს თავმჯდომარემ ირაკლი ლექვინაძემ დაზღვევის დღესთან დაკავშირებულ ღონისძიებაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.
მისივე თქმით, ეს პროგრესი ამ სექტორში ჩართული ყველა ადამიანის დამსახურებაა.
„მინდა ყველს მოგილოცოთ დაზღვევის დღე და გისურვოთ წარმატებები. კონკურენციის ეროვნულ სააგენტოში, საქმეების განხილვის კუთხით, დაზღვევის სექტორს ერთ-ერთი წამყვანი ადგილი უჭირავს. სააგენტომ, 2014 წლიდან დღემდე, სადაზღვევო სექტორში სულ 6 მოკვლევა განახორციელა, აქედან 4 მათგანში დარღვევა დადგინდა. თემები ეხებოდა დომინანტური მდგომარეობის არასათანადოდ გამოყენების, სახელმწიფო ადმინისტრაციული უწყების მხრიდან კონკურენციის შეზღუდვის და არაკეთილსინდისიერი კონკურენციის სავარაუდო შემთხვევებს. მოკვლევების ფარგლებში მიღებული იქნა მნიშვნელოვანი გადაწყვეტილებები/რეკომენდაციები - შაბათ დღეს ოჯახის ექიმის მომსახურებასთან დაკავშირებით, შემსყიდველი ორგანიზაციებთან მიმართებაში საბანკო და სადაზღვევო პროდუქტების გამოყენებასთან დაკავშირებით. ფარმაცევტული ბაზრის მონიტორინგის ფარგლებში გაცემული იქნა რეკომენდაცია საყოველთაო და კერძო სადაზღვევო „შემავსებელი" პაკეტების თანაარსებობის უზრუნველყოფასთან დაკავშირებით.
ამავე პერიოდში, დასრულდა ავტოდაზღვევის ბაზრის მონიტორინგი. მიმდინარე რეჟიმშია საბაკო დაწესებულებებში სადაზღვევო პროდუქტების შეთავაზება/რეალიზაციის ბაზრის მონიტორინგი და ვფიქრობთ, რომ დაგეგმილი საკანონმდებლო ცვლილებების პროცესში ჩვენი რეკომენდაციები ხელს შეუწყობს კონკურენციის კიდევ უფრო მაღალი ხარისხის უზრუნველყოფას. აქტიური თანამშრომლობა გვაქვს დაზღვევის ზედამხედველობის სახელმწიფო სამსახურთან მომხმარებელთა უფლებების დაცვის მიმართულებით, ერთობლივად ვმონაწილეობთ და ვაორგანიზებთ საკონფერენციო პლატფორმებს როგორც ადგილობრივი, ასევე საერთაშორისო სტატუსით. მინდა მადლობა გადაგიხადოთ სადაზღვევო ინდუსტრიის წარმომადგენლებს და დაზღვევის ზედამხედველობის სამსახურის გუნდს აქტიური და ნაყოფიერი თანამშრომლობისათვის“, - განაცხადა ირაკლი ლექვინაძემ.
ღონისძიება გახსნა დაზღვევის სახელმწიფო ზედამხედველობის სამსახურის უფროსმა, დავით ონოფრიშვილმა. სიტყვით გამოვიდნენ: საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილე ირაკლი ნადარეიშვილი; განათლებისა და მეცნიერების მინისტრის მოადგილე თამარ მახარაშვილი; პარლამენტის საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის თავმჯდომარე პაატა კვიჟინაძე; პარლამენტის დარგობრივი კომიტეტის თავმჯდომარე დავით სონღულაშვილი; პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარე მიხეილ სარჯველაძე; საქართველოს ეროვნული ბანკის ვიცე-პრეზიდენტი პაპუნა ლეჟავა და სხვები.
როგორც სააგენტოს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაშია ნათქვამი, ღონისძიებაზე დაზღვევის ზედამხედველობის სამსახურის 10 წლის საქმიანობის შედეგები იქნა წარმოდგენილი. ასევე, გაიმართა წიგნის პრეზენტაცია - Commentary on Georgian Insurance Law „ქართული სადაზღვევო სამართლის კომენტარი".
დაზღვევის დღე ჩატარდა სლოგანით - „მეტი დაცვა და ნაკლები რისკი". ღონისძიებას ესწრებოდნენ საკანონმდებლო და აღმასრულებელი ხელისუფლების წარმომადგენლები, სადაზღვევო სექტორის და ეკონომიკური სფეროს ექსპერტები, არასამთავრობო და საერთაშორისო ორგანიზაციების წარმომადგენლები.