გიორგი ამილახვარი ევროპის სტუდენტური გაერთიანების საბჭოს რიგით 84-ე შეხვედრის გახსნაში მონაწილეობდა

განათლებისა და მეცნიერების მინისტრმა გიორგი ამილახვარმა ევროპის სტუდენტური გაერთიანების საბჭოს რიგით 84-ე შეხვედრის გახსნაში მიიღო მონაწილეობა.

როგორც უწყების მიერ გავრცელებულ ინფორმაციაშია ნათქვამი, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს მხარდაჭერით, 1-8 მაისს თბილისი ევროპის სტუდენტური გაერთიანების საბჭოს რიგით 84-ე შეხვედრას მასპინძლობს.

მინისტრმა დამსწრე საზოგადოებას მისასალმებელი სიტყვით მიმართა და საუბრისას სტუდენტთა მხარდაჭერასა და მათთვის ევროპულ განათლებაზე ხელმისაწვდომობის ზრდის მნიშვნელობაზე გაამახვილა ყურადღება.

„დღეს საქართველო და თბილისი მასპინძლობს ევროპის სტუდენტური გაერთიანების საბჭოს რიგით 84-ე შეხვედრას, რომელიც საქართველოს სტუდენტური ორგანიზაციების ასოციაციის ორგანიზებით იმართება. საქართველოს განათლების სისტემა და ჩვენი სტუდენტები დიდი ევროპული ოჯახის ნაწილი არიან ჩვენი ქვეყნის ევროპული მომავლის განვითარებაში ახალგაზრდა თაობას მნიშვნელოვანი წვლილი შეაქვს. სტუდენტები აქტიურად არიან ჩართულნი როგორც მიმდინარე პროცესებში, ასევე სხვადასხვა საგანმანათლებლო პროექტის განხორციელებაში ევროპელ ახალგაზრდებთან ერთად, რაც აძლიერებს მათ ევროპულ ღირებულებებს. ჩვენი გუნდის ერთ-ერთი უმთავრესი პრიორიტეტია, ქართველ სტუდენტებს მივცეთ ევროპული განათლების მიღების კიდევ უფრო მეტი შესაძლებლობა“, - განაცხადა მინისტრმა.

ევროპის სტუდენტური გაერთიანების საბჭოს რიგით 84-ე შეხვედრის მონაწილეებს სიტყვით ასევე მიმართეს ქალაქ თბილისის მერმა კახა კალაძემ, საქართველოს კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის მინისტრის მოადგილე ირაკლი გივიაშვილმა, საქართველოს პარლამენტის განათლებისა და მეცნიერების კომიტეტის თავმჯდომარე გივი მიქანაძემ და ევროპის სტუდენტური გაერთიანების პრეზიდენტმა მატეო ვესპამ. ღონისძიების მსვლელობისას ასევე წაიკითხეს ინოვაციების, კვლევის, კულტურის, განათლებისა და ახალგაზრდობის საკითხებში ევროკომისარ მარია გაბრიელის მისასალმებელი სიტყვა.

„ევროპის სტუდენტური გაერთიანების საბჭოს რიგით 84-ე შეხვედრის ორგანიზატორია საქართველოს სტუდენტური ორგანიზაციების ასოციაცია, რომელიც 2019 წლიდან ევროპის სტუდენტური გაერთიანების (ESU) სრულუფლებიანი წევრია.

ESU - დაფუძნდა 1982 წელს და აერთიანებს 41 სახელმწიფოს ეროვნული სტუდენტური გაერთიანების 20 მილიონზე მეტ სტუდენტს. ევროპის სტუდენტური გაერთიანება წარმოადგენს ევროკავშირის ახალგაზრდულ ოფიციალურ ორგანიზაციას, რომელსაც აქვს კვოტა ხმის მიცემის უფლებით ევროპარლამენტში და მჭიდროდ თანამშრომლობს ევროპულ კომისიასთან, იუნესკოსთან, ევროპის საბჭოსთან, ბოლონიის პროცესის განმახორციელებელ ჯგუფთან და სხვა.

ღონისძიების მხარდამჭერები არიან საქართველოს კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის სამინისტროს სსიპ ახალგაზრდობის სააგენტო, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო და თბილისის მუნიციპალიტეტის მერია”, - ნათქვამია გავრცელებულ ინფორმაციაში.

იან კელი - აშშ-ს პრეზიდენტის მიღებაზე მიწვევას არ ვუუქმებთ მთავრობებს, რომლებსაც მეგობრად ვთვლით
ქართული პრესის მიმოხილვა 03.10.2024
კორნელი კაკაჩია - ანტიდასავლური და ანტიამერიკული რადიკალიზმით და საზოგადოების გამყოფი იაფფასიანი პოპულიზმით „ქართულმა ოცნებამ“ საკუთარი თავი, პრაქტიკულად, ჩიხში მოაქცია
4 და 5 ოქტომბერს წინანდლის მამული „Grand Jury Du Vin”-ის რიგით მეორე ღვინის სიმპოზიუმს უმასპინძლებს
„მაკდონალდს საქართველოს“ უახლესი ეკო სტანდარტებით აღჭურვილი ორი ახალი რესტორანი შეემატა
საქართველოს პერსონალურ მონაცემთა დაცვის ოფიცერთა ასოციაციისა და კომპანია მონაცემთა დაცვის ოფიცრის დამფუძნებლებმა პერსონალურ მონაცემთა დაცვის საერთაშორისო კონგრესში მიიღეს მონაწილეობა