ომბუდსმენი აქონდროპლაზიის სინდრომის მქონე ბავშვების დედების პროტესტზე - ადამიანურად ძალიან განვიცდი, ყველა ვადევნებთ თვალს, რა პირობებში უხდებათ დედებს ქუჩაში ღამის გათენება - ეს საკითხი უნდა მოგვარდეს

სახალხო დამცველი ლევან იოსელიანი აქონდროლპაზიის სინდრომის მქონე ბავშვების მშობლების ჯანდაცვის სამინისტროში დღეს დაგეგმილ შეხვედრაზე საუბრობს.
როგორც ლევან იოსელიანი აცხადებს, სახალხო დამცველის აპარატი პირველივე დღიდან ჩართულია ამ პროცესში და იმედოვნებს, რომ ჯანდაცვის სამინისტრო გააკეთებს ისეთ შეთავაზებას, რომ პროტესტი ამ ეტაპზე შეჩერდება.
„პირველი დღიდანვე სახალხო დამცველის აპარატი ჩართულია ამ პრობლემის მოგვარებაში და მას შემდეგ ჩვენ ვახდენთ მედიაციას ბავშვების მშობლებსა და ჯანდაცვის სამინისტროს შორის. დღესაც სწორედ ჩვენი მედიაციით იმართება ეს შეხვედრა და ჩვენი წარმომადგენელი დაესწრება. იმედი მაქვს, რომ ჯანდაცვის სამინისტრო გაუკეთებს ისეთ შეთავაზებას მშობლებს, რომელიც იქნება მისაღები და სულ მცირე პროტესტის ფორმა, რაც მათ აქვთ არჩეული, ამ ეტაპზე იქნება შეჩერებული, რადგან ადამიანურად ძალიან განვიცდი და ყველა ჩვენგანი ვადევნებთ თვალ-ყურს რა პირობებში უხდებათ დედებს ქუჩაში ღამის თენება. ეს საკითხი უნდა მოგვარდეს და აქ პასუხისმგებლობა, რა თქმა უნდა, ჯანდაცვის სამინისტროს და ხელისუფლებას აქვს“, - განაცხადა ლევან იოსელიანმა.

























