მცდარი ინტერპრეტაციაა, რომ ხელისუფლებას რაღაცის ეშინია - ოპოზიცია რასაც გეგმავს, მავნებლობაა, რადგან ძირს უთხრის სასამართლოს დამოუკიდებლობის იდეას, - ამის შესახებ ადამიანის უფლებათა კომიტეტის თავმჯდომარე მიხეილ სარჯველაძემ განაცხადა.
მისი თქმით, სასამართლოსთან დაკავშირებით კომისიის შექმნის შესაძლებლობას ოპოზიციას არ მიცემენ, ამ მიზნით კი კონსტიტუციურ და კანონიერ მექანიზმებს იყენებენ. სარჯველაძე აღნიშნავს, რომ არაკონსტიტუციურ ქმედებებზე ოპოზიციის ბრალდებები მათი მისამართით უსაფუძვლოა.
"არასწორია, თითქოს განხილული საკითხები, ყველაფერი ავტომატურად და მექანიკურად შედის ხოლმე კენჭსაყრელ საკითხებში, ეს ასე არ არის. შეიძლება რაღაც ეტაპზე რაღაც პრაქტიკა არსებობს ამ მიმართულებით ზოგიერთ შემთხვევაში და ზოგიერთში არა. ოპოზიცია რომ ამბობს ასეთი პრეცედენტი არ ყოფილაო, არასწორია, მათ შორის, პარლამენტის თავმჯდომარემ დღევანდელ სხდომაზე კონკრეტული მაგალითები მიუთითა, როცა ასე მომხდარა და არავის პრეტენზია არ ჰქონია. მიმდინარეობდა ბიუროს სხდომა, რომელსაც ოპოზიციაც ესწრებოდა, ვინმე რამის გაძვრენას ხომ არ აპირებდა იქ და გაპარებას? არავის ინიციატივა არ ჰქონია, რომ ეს საკითხი კენჭსაყრელ საკითხთა შორის, დღევანდელ სხდომაზეც ყოფილიყო. მათ ეს შესაძლებლობა ჰქონდათ და არ უსარგებლიათ. არაკონსტიტუციურობას რაც შეეხება, ამას კატეგორიულად ვერ დავეთანხმები. ჩვენ არაფერი გამოგვიყენებია ისეთი, რაც რეგლამენტით ნებადართული არ იქნებოდა. პირიქით, ჩვენ ვამბობთ, რომ ასეთი ინიციატივის განხორციელება უპირისპირდება კონსტიტუციის ერთ-ერთ ფუნდამენტურ პრინციპს. არ მგონია, რომ ვინმეს მიზეზი აქვს, არაკონსტიტუციურ ქცევაში დაგვდოს ბრალი, ჩვენ კონსტიტუციის დაცვაზე ვართ ორიენტირებული," - განაცხადა სარჯველაძემ.