საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტი, ჩეხ კოლეგებთან ერთად, ახალი პროექტის განხორციელებაზე მუშაობს

საქართველოს ტექნიკურმა უნივერსიტეტმა, სამოქალაქო-საინჟინრო უსაფრთხოებისა და კიბერუსაფრთხოების მიმართულებით, სწავლებისა და სამეცნიერო კვლევების ინტერნაციონალიზაციის ფარგლებში, პრაღის ტექნიკურ უნივერსიტეტთან (ჩეხეთი) კოლაბორაციით, ახალი, ინტეგრირებული პროექტის განხორციელება დაიწყო. ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტი ავრცელებს.

მათივე ცნობით, ერთობლივი პროექტის განხორციელების მიზნით, პრაღის ტექნიკური უნივერსიტეტის წარმომადგენლებთან - დოქტორ შტეფან კავანსა და დოქტორ ლენკა მიჩალკოვასთან პირველი გაფართოებული სამუშაო შეხვედრა, რომელსაც რამდენიმეთვიანი მოსამზადებელი სამუშაოები უძღოდა, საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის სამშენებლო ფაკულტეტზე გაიმართა.

შეხვედრაში მონაწილეობდნენ სტუ-ის სამშენებლო ფაკულტეტის დეკანი, პროფესორი ზურაბ გვიშიანი, დეკანის მოადგილე, პროფესორი გინა გურეშიძე, ასევე, უნივერსიტეტის სამშენებლო, სამთო-გეოლოგიური და ინფორმატიკისა და მართვის სისტემების ფაკულტეტების პროფესორ-მასწავლებლები და სადოქტორო პროგრამების სტუდენტები.

პროფესორ ზურაბ გვიშიანის განცხადებით, პრაღის ტექნიკურ უნივერსიტთან ერთობლივი ინტეგრირებული პროექტის განხორციელებით, საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტს შესაძლებლობა ექნება, ინტერნაციონალიზაციის ჭრილში, მეტად განავითაროს როგორც სწავლების ახალი მეთოდები, ასევე, სამეცნიერო კვლევები ქვეყნისთვის ისეთ მნიშვნელოვან თემებზე, როგორიცაა ეროვნული უსაფრთხოება, კიბერუსაფრთხოება და ადამიანის უსაფრთხოება გარემოში.

„უსაფრთხოების მიმართულებით, ერთობლივი ინტეგრირებული პროექტის განსახორციელებლად პირველი მნიშვნელოვანი შეხვედრაა პრაღის ტექნიკური უნივერსიტეტის წარმომადგენლებთან. საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტს მიეცემა მეტი შესაძლებლობა, განავითაროს სწავლების ახალი მეთოდები და აწარმოოს სამეცნიერო კვლევები ინტერნაციონალიზაციის ჭრილში. საუბარია ერთობლივ სამეცნიერო კვლევებზე ჩვენი ქვეყნისთვის უმნიშვნელოვანეს ისეთ საკითხებზე, რომლებიც ეხება კიბერუსაფრთხოებას, ნაციონალურ უსაფრთხოებას, ადამიანის უსაფრთხოებას გარემოში და სხვ. ერთობლივ პროექტში შემავალი ყველა თემა, ასევე, ძალიან მნიშვნელოვანია ევროინტეგრაციის მიმართულებითაც. ჩვენი უნივერსიტეტისთვის ეს საერთაშორისო თანამშრომლობაზე დაფუძნებული კიდევ ერთი საინტერესო გამოწვევაა, რომელშიც, ჩეხ კოლეგებთან ერთად, ჩაერთვებიან ჩვენი აკადემიური პერსონალი, დოქტორანტები და ახალგაზრდა მკვლევრები. ვფიქრობთ, პროექტით განსაკუთრებით დაინტერესდებიან დოქტორანტები, რადგან ის მოიცავს ევროკოდებისა და ახალი მიდგომების გაზიარებას ინჟინერინგში, სამშენებლო რისკების და ტექნიკური უსაფრთხოების ნორმების ახლებურად გააზრებასა და ახალი სტანდარტების დანერგვას, როგორც სასწავლო პროცესში, ასევე კვლევების მიმართულებითაც. საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტში უკვე ვმუშაობთ ამ საკითხებზე და ვხედავთ, რომ პრაღის ტექნიკურ უნივერსიტეტს, რომელიც ერთ-ერთი წამყვანი უმაღლესი სკოლაა ევროპაში, ბევრი საკითხი საკმაოდ ეფექტურად აქვს გადაწყვეტილი. რაც მთავარია, ინტეგრირებული პროექტის განხორციელება საშუალებას მოგვცემს მეტად გავითვალისწინოთ ჩვენი ეროვნული ინტერესები, მენტალიტეტი, გარემო პირობები, ჩვენი რელიეფი და მაქსიმალურად მივუსადაგოთ უსაფრთხოების ახალი ნორმები. გარდა ამისა, ახალი საუნივერსიტეტო პროექტის განხორციელება საშუალებას მოგვცემს სასწავლო კურსების სილაბუსებში ყველა საჭირო ცვლილება ეფექტურად ავსახოთ“, - აცხადებს ზურაბ გვიშიანი.

სამუშაო შეხვედრაზე უსაფრთხოების სისტემების შესახებ ვრცელი პრეზენტაციით წარსდგნენ სტუ-ის სამშენებლო ფაკულტეტის სამოქალაქო უსაფრთხოების დეპარტამენტის ხელმძღვანელი, პროფესორი თემურ მელქაძე და პრაღის ტექნიკური უნივერსიტეტის პროფესორი, დოქტორი შტეფან კავანი.

პროფესორმა თემურ მელქაძემ თავის გამოსვლაში ყურადღება გაამახვილა, როგორც უსაფრთხოების არსებულ სისტემებზე, ასევე, საგანმანათლებლო და სამეცნიერო საკითხებზე.

„საინტერესოა, როგორ მუშაობს საინჟინრო თუ კიბერუსაფრთხოების სიტემები, რა ფორმით აისახება სასწავლო პროცესში და როგორ მიმდინარეობს სამეცნიერო კვლევები ამ მნიშვნელოვან თემებზე. აღსანიშნავია, რომ საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტში, ნაკისრი ვალდებულებების ფარგლებში, დანერგილია უსაფრთხოების მართვის სასწავლო კურსები და პროგრამები. ჩვენი მიზანია, მაქსიმალურად მივუახლოვდეთ ევროსტანდარტებს და სწავლების პროცესი მოვიყვანოთ შესაბამისობაში ევროკავშირის სამოქალაქო თუ კიბერუსაფრთხოების მექანიზმებთან. შეხვედრას ესწრებიან ჩვენი უნივერსიტეტის უსაფრთხოების ყველა მიმართულების სპეციალისტები და ახალგაზრდა მკვლევრები. ინტეგრირებული პროექტის განხორციელება ითვალისწინებს ერთობლივი სამეცნიერო კონფერენციის, ტრენინგებისა თუ ვორქშოფების ორგანიზებას, ერთობლივი სამეცნიერო სტატიების გამოქვეყნებას, გაცვლით პროგრამებს როგორც აკადემიური და სამეცნიერო პერსონალისთვის, ასევე, სწავლების მაღალი საფეხურის სტუდენტებისა და ახალგაზრდა მკვლევრებისთვის. მაგალითისთვის, ჩვენი უნივერსიტეტის სამშენებლო ფაკულტეტზე მოქმედებს სამაგისტრო პროგრამა - „რისკების ინჟინერია მშენებლობაში“; ინფორმატიკისა და მართვის სისტემების ფაკულტეტზე სტუდენტები ეუფლებიან სასწავლო კურსს - „კიბერუსაფრთხოება“; სამთო-გეოლოგიურ ფაკულტეტზე მოქმედებს პროგრამა - „საინჟინრო უსაფრთხოება და საგანგებო სიტუაციების მართვა“ და ა.შ. არა მხოლოდ ამ პროგრამების სტუდენტები, არამედ, ზოგადად, ტექნიკურ უნივერსიტეტში შემუშავებულია სასწავლო კურსები, რომელთა მეშვეობით ახალგაზრდები სწავლობენ რისკების მართვას სხვადასხვა მიმართულებით. სწორედ ამით არის განპირობებული პრაღის ტექნიკური უნივერსიტეტის დაინტერესება, ჩვენს უნივერსიტეტთან კოლაბორაციაში განხორციელდეს ახალი ინტეგრირებული პროექტი“, - აღნიშნავს თემურ მელქაძე.

პრაღის ტექნიკური უნივერსიტეტის პროფესორის, დოქტორ შტეფან კავანის განცხადებით, ჩეხეთის უნივერსიტეტის მიზანი საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტთან ახალი საგანმანათლებლო და სამეცნიერო კავშირების დამყარება და არსებული თანამშრომლობის გაღრმავებაა. მისი თქმით, პროექტის ფარგლებში მხარეები უკვე შეუდგებიან ინტეგრირებული სამოქმედო გეგმის შემუშავებასა და ინტერესის სფეროების დეტალიზაციას, როგორც სასწავლო და კვლევითი პროცესის, ასევე, გაცვლითი პროგრამების მიმართულებით, რისთვისაც მომზადდება კონკრეტული თემები და ვორქშოფები.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
გიორგი კაჭარავა - 2024 წლის აპრილის მოვლენები განსაზღვრავენ გლობალური პოლიტიკის და უსაფრთხოების სამომავლო ტრენდებს
ქართული პრესის მიმოხილვა 22.04.2024
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა