„ნაციონალური მოძრაობის“ მმართველობის დროს უვიზო რეჟიმი რომ ჰქონოდა საქართველოს, ალბათ, მხოლოდ „ნაციონალური მოძრაობის“ წარმომადგენლები დარჩებოდნენ ქვეყანაში, - ასე ეხმიანება პარლამენტის ვიცე-სპიკერი არჩილ თალაკვაძე ჟურნალისტებთან NDI-ის კვლევის მონაცემებს, რომლის თანახმად, ყოველი მეექვსე ადამიანი ქვეყნიდან წასვლაზე ფიქრობს.
თალაკვაძის განცხადებით, არავინ უარყოფს, რომ მიგრაცია მთელ მსოფლიოში მნიშვნელოვანი საკითხია.
მისივე თქმით, „მაშინ, როცა საზღვრები გახსნილია, სულ უფრო მეტი მოქალაქე იღებს გადაწყვეტილებას იმოგზაუროს ევროპის სხვადასხვა ქვეყანაში, ეს კი, „ნაციონალურ მოძრაობას“ მუდმივი სპეკულაციის საგნად აქვს ქცეული“.
„ეს თემაც არის მუდმივი სპეკულაციის საგანი „ნაციონალური მოძრაობის“ მხრიდან, იმ ყოფილი ხელისუფლების მხრიდან, რომლის პერიოდშიც ყველაზე მეტმა ადამიანმა ბოლო 20-30 წლის განმავლობაში საქართველო დატოვა, ეს ჩანს ოფიციალურ სტატისტიკაში, ამაზე სპეკულაციები მათ ინტერესებში შედის. წინა ხელისუფლების დროს საქართველოს არ ჰქონდა უვიზო რეჟიმი. უვიზო რეჟიმი რომ ჰქონოდა, ალბათ, მხოლოდ “ნაციონალური მოძრაობის“ წარმომადგენლები დარჩებოდნენ ქვეყანაში, რადგან იყო სავალალო ვითარება როგორც ადამიანის უფლებების, აზრის გამოხატვის, ისე მედიის თავისუფლების და პოლიტიკური პლურალიზმის თვალსაზრისით. ეკონომიკა მთლიანად მონოპოლიზებული ჰქონდა მაშინდელ ხელისუფლებას და ძალიან ბევრმა ადამიანმა, მიუხედავად იმისა, რომ უვიზო რეჟიმი არ გვქონდა, დატოვა საქართველო. ოფიციალური სტატისტიკით, წინა ხელისუფლების 10 წელში ბევრად მეტმა დატოვა ქვეყანა და ბევრად ნაკლები დაბრუნდა უკან, ვიდრე ჩვენი ხელისუფლების პირობებში, რაც მიუთითებს, რომ ჩვენ გვაქვს სწორი სოციალურ-ეკონომიკური პოლიტიკა“, - განაცხადა თალაკვაძემ.
მისივე თქმით, NDI- ის კვლევა სხვა კვლევებთან შედარებით, უფრო ახლოს არის რეალობასთან იმ განსხვავებების თვალსაზრისით, რაც პარტიების რეიტინგებს შორის ჩანს.
„ორი კვირის წინ „ნაციონალურ მოძრაობის“ რეიტინგს ერთ-ერთი კვლევა აჩვენებდა, რომ იყო 14 პროცენტი, ამ კვლევის მიხედვით არის 5. 4, 3, 2 - ალბათ, ამ მიმართულებით მიდის მათი რეიტინგი, „ნაციონალური მოძრაობის" პოლიტიკური მრიცხველი არის ჩართული“, - განაცხადა თალაკვაძემ.